მთელი მსოფლიო გვაფრთხილებს, არ დავუშვათ საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის დამკვიდრება და დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის ერთიანობა გაიმარჯვებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი ქვეყანა, რომელიც აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი.
„მინდა, წაგიკითხოთ ერთი ციტატა, რომელიც ქართული წარმოშობის, ჩვენს თანამემამულეს უკავშირდება. „საქართველოს არ ეყოლება მეგობრები პუტინის რუსეთის გარდა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ორთავიანი არწივის ფრთის ქვეშ. ქართველებო, ეს არ დაგემართოთ, იზრუნეთ თავისუფლებაზე“ – ეს სიტყვები ეკუთვნის ბორის აკუნინს, ქართული წარმოშობის, მსოფლიო მასშტაბის მწერალს, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რა მოიტანა ამნაირმა კანონმა რუსეთში. სწორედ ამიტომ, მთელი მსოფლიო გვაფრთხილებს, არ დავუშვათ საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის დამკვიდრება და დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის ერთიანობა გაიმარჯვებს. მჯერა, საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი ქვეყანა, რომელიც აუცილებლად წავა ევროკავშირისკენ. ნუ გეშინიათ, ნუ ნერვიულობთ. ევროკავშირის წევრი გახდება ეს ქვეყანა. ჩვენ შემოვიტანთ ევროპულ და ამერიკულ ინვესტიციებს. ჩვენ ავაყვავებთ საქართველოს ეკონომიკას. თქვენთვისაც, თქვენი შვილებისთვისაც იქნება ძალიან კარგი ქვეყანა და თქვენგან განსხვავებით, არასდროს მოვახდენთ საქართველოს ეროვნული ინტერესების საბოტაჟს, ყოველთვის ხალხის ინტერესებს გავატარებთ. ხალხნო, დავდგეთ ერთად, როგორც ბორის აკუნინი მოგვმართავს. ქართველებო, ეს არ დაგვემართოს და არ მივცეთ ამ ადამიანებს შესაძლებლობა, გადაგვახვევინონ ევროპული ინტეგრაციის გზიდან. საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი და თქვენ ამ ლაქას, რასაც ახლა აკეთებთ, ვერასდროს ჩამოირეცხავთ“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ.