საზოგადოებრივი მაუწყებელი ვიდრე მართლა არ გახდება საზოგადოებრივი მაუწყებელი, ხალხის მხარეს არ იქნება და პოლიტიკურ დაკვეთას შეასრულებს თვითმარქვია რეჟიმის მხრიდან, მანამდე საზოგადოების მხრიდან მუდმივად უნდა იყოს წნეხი მასთან მიმართებაში, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„თქვენმა ჟურნალისტმაც აღიარა, მარტომ სხვამ არა, რომ ეს, სამწუხაროდ, არ არის ის, რაც უნდა იყოს საზოგადოებაში. ტელეკომპანია „იმედს“ რომ არ გავხართ ბოლომდე, არ ნიშნავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სტანდარტებს აკმაყოფილებს. ტელეკომპანია „იმედი“ არის ჩვეულებრივი დეზინფორმაციის სისტემა, გუშინ ადამიანებს ხელში ეჭირათ მიწა და „მოლოტოვის კოქტეილიაო“, ესაა ტელეკომპანია „იმედი“, ამას რომ არ იმეორებთ, ამიტომ მადლობა უნდა გითხრათ ვინმემ? არა, თქვენ უნდა გააშუქოთ ობიექტურად და ხალხის მხარეს უნდა იყოთ. რაც უფრო მალე იქნებით ხალხის მხარეს, მით მალე იქნება პოზიტიური დამოკიდებულება, მე აბსოლუტურად ყველგან გიცავთ და ყველგან ვცდილობ, ადამიანები დავაწყნარო, მაგრამ როცა რაღაც ტონალობას აძლევს ხალხი ხმას, ეს ბუნებრივია. რაც უფრო სწრაფად გადავა ხალხის მხარეს საზოგადოებრივი მაუწყებელი, მით მალე აღმოიფხვრება ეს ყველაფერი. საზოგადოებრივი მაუწყებელი თვითმარქვია „ქართული ოცნების“ პროპაგანდის გაგრძელება იყო. არავითარი ფიზიკური თავდდასხმა ჟურნალისტებზე არ ყოფილა“, – განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება შეკითხვას იმის თაობაზე, რომ გუშინ პირველი არხის ჟურნალისტს წაართვეს მიკროფონი და ხელს უშლიდნენ გაშუქებაში, – ვაშაძე ამბობს: „ვინ წაართვა მიკროფონი, ნინია კაკაბაძემ? ნინია კაკაბაძეს ისე მოექცა გიორგი გვიმრაძე, თქვენ როგორ არ ითხოვთ მის წასვლას“.