„ირაკლი კობახიძეს მინდა მივმართო, როგორ შეგიძლია, რომ კმაყოფილი იყო დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობით?! როგორ არ გრცხვენია, რომ საუბრობ თითქოს ყველაფერი კარგად არის ქვეყანაში და ეკონომიკა ყვავის. ხომ არ ფიქრობ, რომ ბოლომდე მოწყვეტილი ხარ რეალობას?!“ - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა,
"ირაკლი კობახიძეს და ივანიშვილის პარტიას მინდა დავუსვა კითხვა, თუ ეკონომიკა კარგად არის მაშინ ხალხი რატომ გარბის ქვეყნიდან? რატომ წავიდა 800 000-ზე მეტი ჩვენი მოქალაქე საქართველოდან? რატომ არის საქართველოში ყველაზე ძვირი ფასები მთელს რეგიონში? რატომ შიმშილობენ ბავშვები სკოლებში? კითხვას გისვამთ, რატომ უწევთ პენსიონერებს არჩევანის გაკეთება წამალსა და საკვებს შორის? - ამ კითხვებს რატომ არ სცემთ პასუხს? რატომ ხართ ორიენტირებულნი მხოლოდ სიცრუეზე, სიყალბეზე. მოწყვეტილი ხართ აბსოლუტურად რეალობას.
ვსვამ კონკრეტულ კითხვას და მაინტერესებს პასუხი ივანიშვილის პარტიისგან რა შექმენით ისეთი, რომ საქართველოში ყველაზე ძვირია ყველაფერი, რომ შემოსავლები იკლებს და დანახარჯები იმატებს ადამიანებში. ეს ყველაფერი იმ მაფიოზური კლანის ბრალი ხომ არ არის მონოპოლიების სახით, რომელიც ააგეთ და ჯიბეში რომ მიგაქვთ ეს ფული. ამ კითხვებს გაეცით პასუხი.
როგორ შეგიძლიათ ხალხს დასცინოთ, გამოხვიდეთ და ილაპარაკოთ რომ თურმე ბაზარში სიარული და ფასების გარკვევა ყოფილა სირცხვილი. როდემდე უნდა იყოთ აცდენილი რეალობას. ერთხელ მაინც ხომ უნდა გაიაზროთ და გაითვალისწინოთ ადამიანების ყოველდღიურობა.
იმ ივანიშვილს მივმართავ დამალული რომ არის ახლა, მე გეკითხები - შენ რომ მდიდრდები ხალხი რატომ ღარიბდება? ფასები რატომ არის ასეთი ძვირი ქვეყანაში? როდემდე უნდა ძარცვოთ ეს ქვეყანა, როდემდე უნდა იყოთ აცდენილი რეალობას. ის კმაყოფილება რაც თქვენ გაქვთ სახეზე, სამწუხაროდ აი ეგ კმაყოფილება დღეს ხალხში არ არის, რადგან ფასების ზრდის და უმუშევრობის გამო ჩვენს მოქალაქეებს უწევთ ქვეყნის დატოვება.
დღესაც გამოვიდა კობახიძე და ზარზეიმით მოგვახსენა, რომ ეკონომიკა ყვავის. სად არის ეს აყვავებული ეკონომიკა?“ - განაცხადა ვაშაძემ