გუშინ და დღეს დადასტურდა, რომ საქართველოში არსებობს კლანი, რომელსაც მფარველობს „ქართული ოცნება“ და ისინი თავიდან ბოლომდე გათხვრილი არიან ამ დანაშაულებრივ სისტემაში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა და განმარტა, რომ ხელისუფლებამ საკუთარი თავის წინააღმდეგ ყველა მტკიცებულება თავად შექმნა.
„ეს არის ერთიანობის ძალა, მართლაც კონსოლიდირებული ოპოზიცია და უკვე ორგზის დამარცხებული „ქართული ოცნება“, რომელიც პირდაპირ საბოტაჟს უცხადებს საქართველოს ევროინტეგრაციას. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და წევრობა ნიშნავს, მათ შორის, საპარლამენტო პროცედურების პატივისცემას უმრავლესობის მხრიდან და ისინი ამას ბოიკოტს უცხადებენ. ამას რატომ აკეთებენ? ბოლომდე გადაეფარნენ სასამართლოს კლანს. მათ ხომ იციან, რომ ბრალი დიდ დანაშაულში მიუძღვით. ამ დანაშაულში ბრალი რომ მიუძღვით, ამის დასაფარად ფიქრობენ, რომ საგამოძიებო კომისია თუ არ შედგება, რამენაირად თავს მაინც იმართლებენ. საბოლოო ჯამში, ორივე დღეს დადასტურდა, რომ საქართველოში არსებობს კლანი, რომელსაც „ქართული ოცნება“ მფარველობს. ისინი თავიდან ბოლომდე გათხვრილი არიან ამ დანაშაულებრივ სისტემაში.
ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ მალე ნახავთ, ისინი იქნებიან აბსოლუტურ უმცირესობაში, მათ შორის საქართველოს პარლამენტში, მაშინ, როდესაც ახალ პარლამენტს ავირჩევთ და ხელისუფლებაში დემოკრატიული ძალები მოვალთ. რა არის ოპოზიციის გეგმა? ყოველდღე გავაშიშვლოთ რეჟიმი. გუშინ და დღეს „ქართული ოცნება“ გაშიშვლდა და მტკიცებულებებს რომ ითხოვდნენ, თვითონ მოაწერეს ხელი მტკიცებულებას. ამით დადასტურდა, რომ საქართველოში არის კლანი, ამ კლანს მფარველობს „ქართული ოცნება“ და კლანთან დანაშაულებრივ გარიგებაში საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არიან. ეს უშლის ხელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ეს არის საბოტაჟი. პროცედურულ ხრიკებში ვართ შესული. არც ვიცით, როდის რა იქნება. პარლამენტი პარალიზებულია. მარტო ამის კი არა, არცერთი საკითხის კენჭისყრა არ ტარდება დღეს პარლამენტში. ასე მშვიდად და წყნარად უნდა მოვილიოთ ეს რეჟიმი. საკუთარი თავის წინააღმდეგ ყველა მტკიცებულება თავად შექმნეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.