ამერიკული "ფარას" ზუსტი ანალოგი და მედიის კანონი ბრიტანული მოდელით- საკანონმდებლო ინიციატივების საკომიტეტო განხილვები პარლამენტში ხვალიდან დაიწყება. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ დეზინფორმაციის გავრცელების პრევენციისთვის, ქმედითი მექანიზმების შემუშავება აუცილებელია, "ფარას" ქართული ანალოგი კი ქვეყნის ინტერესებს დაიცავს. რაც შეეხება ოპოზიციას, მმართველი გუნდის ოპონენტები ინიციატივების მიღმა შემზღუდავ ნორმებს ხედავენ. თუმცა "ქართული ოცნება" ოპონენეტს ამერიკულ და ბრიტანულ კანონმდებლობაზე მიუთითებს.

"FARA-ს კანონი არის იმდენად სამართლიანი, რამდენათაც არაფერს არ მოითხოვს, თუ არა გამჭვირვალობას. ეს გამჭვირვალობა ეხება ფინანსებს, ფინანსურ რესურსებს, რაზედაც ასეთი ინტენსიური და საკმაოდ პრინციპული და მკაცრი ლაპარაკია თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში. პირდაპირი კკოპირება გამოიწვია იმ აუცილებლობამ, რომ ოპოზიციური ფრთის პროპაგანდა ძალიან მძლავრობს, რომ ეს კანონი თითქოს და მიიღება დასავლური ფონდების ან დასავლეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. ეს ასე არ არის, ეს კანონი მიიღება იმისათვის, რათა საქართველოში არ დაიშვას შავი ფულის შემოდინება, რომელიც დაუპირისპირდება საქართველოს ინტერესებს.

რაც შეეხება მაუწყებლის შესახებ კანონს, სტანდარტი უნდა იყოს ისეთი, რომელიც ახასიათებს ამ დემოკრატიული სისტემის მქონე ერთ-ერთ წამყვან ქვეყანას. რასაკვირველია, აქაც ბევრია ქვედინებები, დიდი ბრიტანეთი მაქვს მხედველობაში, მაგრამ მედიას ეს არ ეხება იმ შემთხვევაში, თუკი ყველამ კარგად იცის, რას წარმოადგენს და რა აუცილებლობაა იმისა, რომ იყოს ზუსტი ინფორმაცია საზოგადოებისათვის მიწოდებული", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.