"აბსოლუტურად გაუგებარია, რის საფუძველზე შეიძლება აღიძრას სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში "ლელოს" წინააღმდეგ", - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

"გაუგებარია ის არგუმენტები, რაც მათ, მაგალითად, მოჰყავთ "ლელოს" მიმართ. აბსოლუტურად გაუგებარია, რის საფუძველზე შეიძლება აღიძრას სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში "ლელოს" წინააღმდეგ. ეჭვი მეპარება იმაში, რომ "ოცნებას" მართლაც სურს, რომ გააუქმოს "ნაციონალური მოძრაობა", რადგან სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" შიშის ფაქტორით იგებს "ოცნება" ყველა არჩევნებს", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ ტექნიკური პროცედურები დასრულებულია - სამი პარტიის აკრძალვის მოთხოვნით სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს პერიოდში შევა. სარჩელზე არსებული ხელმოწერების ავთენტურობა პარლამენტმა გუშინ დაადასტურა, რითაც 88 დეპუტატს სასამართლოში სარჩელის წარდგენის უფლება ოფიციალურად მიეცა.

"ნაციონალური მოძრაობის", "ახალისა" და ლელოს" არაკონსტიტუციურად გამოცხადების საკითხი სასამართლომ წარმოებაში მიღებიდან 9 თვის ვადაში უნდა გადაწყვიტოს.