უაღრესად კომფორტულად ვგრძნობ თავს „ძლიერი საქართველოს“ ამომრჩეველთან, რადგან ის არის ზუსტად იდენტური ჩემი თავის, მე ვარ ეგ ამომრჩეველი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
„მე ვარ ამომრჩეველი, რომელიც ვიყავი ოპოზიციაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მე ვარ ამომრჩეველი, რომელმაც 2012 წელს მივეცი ხმა „ქართულ ოცნებას“ და ვარ ამომრჩეველი, რომელიც 2014 წლიდან გავუუცხოვდი სულ უფრო მეტად და მეტად იმ გზას, რომელიც აიღო „ქართულმა ოცნებამ“. მე ეს მეტამორფოზა გავიარე ორ წელიწადში, 2012-ში ვიყავი მხარდამჭერი და 2014-ში უკვე აღარ, რადგან ბევრად უფრო მეტად, ვიდრე რიგითი ამომრჩეველი ვხედავდი შიგნით მიმდინარე პროცესებს.
2014-ში გავემიჯნე მათ, მაგრამ ამ 12 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, უმეტესობა იმ ადამიანებისა, რომლებიც 1012 წელს ვიყავით მოწადინებულები, რომ შეგვეცვალა „ნაციონალური მოძრაობა“, გაუცხოებულები ვართ იმ ძალასთან, რომელთან ერთადაც ჩვენ ეს გავაკეთეთ. შეიძლება, ითქვას, რომ ის ადამიანები, რომლებიც ჩემს ემოციაზე იყვნენ, ჩემს წრეს ვგულისხმობ, რომლებიც ვამბობდით, ჩვენ შევცვლით „ნაციონალურ მოძრობას“, ყველა ის ადამიანი დღეს არის გაუცხოებული „ქართულ ოცნებასთან“. ანუ, ჩვენი ამომრჩეველი არის ჩემი ამომრჩეველი ბუნებრივად იმიტომ, რომ ჩემნაირად ფიქრობს. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ამ თვალსაზრისით, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რომელიც ბოლო ათ დღეში უნდა ჩამოყალიბდეს, სწორედაც, რომ „ძლიერი საქართველოს“ ტიპის ამომრჩეველია, რადგან „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს თავისი სტაბილური ამომრჩეველი. ეს ამომრჩეველი ბუნებრივია, გამოხატავს თავის პოზიციას წლებია, ძლიერად იმიტომ, რომ ძლიერი ოპოზიციური პარტიაა „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მსგავსი პოლიტიკური ძალები. მაგრამ აი, ის ამომრჩეველი, რომ „არცერთს არ მინდა მივცე ხმა, მაგრამ მინდა, რომ ჩემი ხმა არ დაიკარგოს“, დღეს „ძლიერ საქართველოსთან“ ერთად ძალიან დარწმუნებულია იმაში, რომ ეს ხმა არ დაიკარგება იმიტომ, რომ ძლიერი ბაზა გაგვაჩნია ყველა თვალსაზრისით და მისი მოთხოვნა, არც „ნაცი“ არც „ქოცი“, აქ არის მაქსიმალურად მატერიალიზებული“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა „ფორმულას“ ეთერში.