არა მარტო “ქართული ოცნების” კონტექსტშია უცნაური, მსოფლიო პოლიტიკური გამოცდილების კონტექსტშიც უცნაურია, რომ ქვეყნის მოსახლეობის 85% იყოს პროდასავლურ პოზიციაზე და შენ გინდოდეს არჩევნების მოგება სრულიად სხვა პოზიციით, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ქართული ოცნებისგან” პირველი უკმეხი შენიშვნები ჩვენი პარტნიორების მიმართ 2020 წლის არჩევნების მერე დაიწყო. მართალია, ყველაფერი გააკეთეს პარტნიორებმა, რომ პარლამენტი შემდგარიყო, მაგრამ არ იყო მაგათი საქმე და მაინც ჩაერივნენ. ძალიან ცუდი ქნეს იმიტომ, რომ მიიღეს ეს შედეგი. მე არ მინდა, რომ ჩაერიონ და დაუწყონ ოპოზიციას ხელების გადაგრეხა - დამშვიდდით და პარლამენტში შედითო, რაც მაშინ გააკეთეს.
ჩვენი პარტნიორების მიმართ ხელისუფლების რადიკალური დამოკიდებულება იწყება და მიმდინარეობს უკრაინის ომის დაწყების პარალელურად. რეალურად, უკრაინის ომმა ლუსტრაცია მოახდინა ამ პოლიტიკური ძალის - უკრაინის ხელისუფლებაზე ღია თავდასხმა, ომის პარტიაზე საუბარი და საბოლოოდ, 29 აპრილის განცხადება არის საარჩევნო ტემპერატურაზე ამის აყვანა. ამას მოსდევს განცხადება, რომ ჩვენ დამნაშავეები ვართ და ბოდიში უნდა მოვიხადოთ ომისთვის დ ბოლოს, ლავროვის განცხადება სამი მეზობელი სახელმწიფოს მოლაპარაკებებში ხელშეწყობაზე - ეს უკვე ახალი ეტაპია.
არა მარტო “ქართული ოცნების” კონტექსტშია ეს უცნაური, მსოფლიო პოლიტიკური გამოცდილების კონტექსტშიც უცნაურია, რომ ქვეყნის მოსახლეობის 85% იყოს პროდასავლურ პოზიციაზე და შენ გინდოდეს არჩევნების მოგება სრულიად სხვა პოზიციით - ამის ანალოგი არ ვიცი”, - განაცხადა მარგველაშვილმა.