ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სადაც კი რაიმე რეკომენდაციას, მიგნებას მოვისმენთ, სადაც არსებობს რეალური სივრცე და საჭიროება პროცესის გაუმჯობესებისა და განვითარების, ვახორციელებთ, რათა დარჩენილ პერიოდში მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ყველა საერთაშორისო სტანდარტთან თანხვედრა, შესაბამისობაში ყოფნა, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
მან საარჩევნო პროცესების სწორად წარსამართად, ცესკოს ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.
მისივე თქმით, 2018 წლიდან დღემდე ცესკომ ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ხმის მიცემის 8 პილოტური პროექტი ჩაატარა, რამაც საშუალება მისცა მათ სამუშაო პროცესები უფრო დაეხვეწათ.
„ასევე, მიგვეღო საერთაშორისო გამოცდილება იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც ეროვნული მასშტაბით ტექნოლოგიური საშუალებების ინტერვენციის გამოცდილება აქვთ. არაერთგზის ვიმყოფებოდით აშშ-ში და სხვა იმ ქვეყნებში, სადაც ასეთი ტიპის ტექნოლოგიურ საშუალებებს იყენებს. დაზღვეულია რისკები. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მომზადებულია შესაბამისი რისკების პრევენციისა და მართვის გეგმა. მიმდინარეობს აქტიური საინფორმაციო კამპანიები. შექმნილია დიალოგის სამუშაო პლატფორმები მედიასთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან. პროცესი არის მაქსიმალურად ინკლუზიური. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სადაც კი რაიმე რეკომენდაციას, მიგნებას მოვისმენთ, სადაც არსებობს რეალური სივრცე და საჭიროება პროცესის გაუმჯობესებისა და განვითარების, ვახორციელებთ, რათა დარჩენილ პერიოდში მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ყველა საერთაშორისო სტანდარტთან თანხვედრა - შესაბამისობაში ყოფნა, რომელიც თავის მხრივ, წინაპირობაა იმისთვის, რომ ეს და ყოველი შემდგომი არჩევნები მაღალპროფესიულ დონეზე განხორციელდეს. ასევე მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
მისივე თქმით, ყოველივე ზემოთ აღნიშნული უზრუნველყოფს, რომ არჩევნების ადმინისტრირება მაღალპროფესიულ დონეზე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით განხორციელდება.
ცესკომ დღეიდან საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება დაიწყო.