ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის თქმით, ხვალ, 4 ოქტომბერს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგ არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს. ამის შესახებ გიორგი კალანდარიშვილმა ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები, ასევე პროცესს გააშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი.
"საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები, ასევე პროცესს გააშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი. რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის არიან, როგორც სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების და საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები 21 ქვეყნიდან. მათ შორის ბულგარეთიდან, ალბანეთიდან, ბოსნია და ჰერცოგოვინადან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან, მონტენეგროდან, თურქეთიდან და მოლდოვიდან.
ჩვენ მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში გვესმის ამ საკითხით სპეკულაციები, ვინ იქნება, ვინ არ იქნება, ვინ დააკვირდება და ა.შ. ჩვენ საზოგადოებაში კარგად უყვართ ხოლმე მოლდოვის მაგალითებზე საუბარი, მოლდოვის მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, მათ არჩევნებს სამი ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია აკვირდებოდა, იმ არჩევნებში, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩატარდა. 27 ადგილობრივი ორგანიზაცია დააკვირდება ჩვენს არჩევნებს, ამიტომ მნიშვნელოვანია ხარისხი და მათი ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის ნაწილი," - გიორგი კალანდარიშვილმა.