ცესკოს ხელმძღვანელმა გიორგი კალანდარიშვილმა "იმედთან" საუბრისას, კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული საქსტატის მიერ აღწერილ რეგისტრირებულ მოქალაქესა და საარჩევნო სიების ერთმანეთთან დაკავშირება არასწორი და დეზინფორმაციულია.

"ეს არის ძალიან დიდი სიცრუე, ეს არის ძალიან დიდი დეზინფორმაცია. დღეს ძალიან ბევრი დაინტერესებული პირისგან ვრცელდება ინფორმაცია. ჯერ იყო სხვაობა ამომრჩეველსა და რეგისტრირებულ მოქალაქეებს შორის, მერე გაჩნდა რაღაც ცხრილები, რომლის თანახმადაც მოსახლეობის რაოდენობიდან იყო გამოყვანილი რაღაც მონაცემები, რაც არის აბსოლუტურად დეზინფორმაციული და მანიპულაციური, რადგან მოსახლეობის აღწერას აქვს თავისი სტანდარტი. ისინი აღწერენ ნებისმიერი ასაკის პირს, რომლებიც იმყოფებიან ქვეყნის კონტროლირებად ტერიტორიაზე ერთ წელზე მეტი ვადით. მოგეხსენებათ, ამომრჩეველთა სიებში შეყვანა ხდება 18 წელს ზემოთ, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, ასევე საზღვარგარეთ მყოფი პირები. შესაბამისად ეს ორი მონაცემი აბსოლუტურად განსხვავებულია ერთმანეთთან და მისი  რამენაირად დაკავშირება საარჩევნო სიებთან, განსაკუთრებით რეგიონულ ჭრილში ჩაშლა არის რა თქმა უნდა არასწორი", -განაცხადა კალანდარიშვილმა.