ტექნოლოგიური საშუალებები არ არის პანაცეა იმისა, რომ ერთი ხელის მოსმით ყველა საკითხი იყოს გადაზღვეული, თუმცა ეს არის შესაძლებლობა, მექანიზმი იმისა, რომ წინა წლებში არჩევნებთან დაკავშირებით არსებული წუხილები იყოს გადაზღვეული, გაუმჯობესებული და არ დარჩეს კითხვები კენჭის ყრის პროცესთან მიმართებაში, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.
„ამ არჩევნების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩვენ გაორმაგებული და გაასმაგებული გვაქვს პასუხისმგებლობა ამ პროცესზე იქიდან გამომდინარე, რომ პირველად იქნება ფართომასშტაბიანი ტექნოლოგიური ინტერვენცია, იქიდან გამომდინარე, რომ იცვლება პოლიტიკური სისტემა.
არჩევნები საერთო საქმეა. ყველას გვაქვს ჩვენ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და მე ასევე ვისურვებდი, პოლიტიკურ პარტიებსაც თავიანთ პოლიტიკურ დღის წესრიგზე მაღლა ჰქონდეთ დაყენებული ეროვნული ინტერესები და ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველვყოთ ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ჩატარება“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.