საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ. არ გეგონოთ, ეს არის წინასაარჩევნოდ სპონტანურად განვითარებული მოვლენა. შეფუთეს დეზინფორმაციულად - მათ უნდა მიიღონ ფული, სავარაუდოდ შავი ფული და რა თქმა უნდა, ამ ფულის წარმომავლობა რომ გაიშიფროს, მათ დღის წესრიგში ნამდვილად არ ზის, - ამის შესახებ პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
იგი გამჭვირვალობის შესახებ კანონზე გამოთქმულ მოსაზრებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ე.წ. ოპოზიციამ კარგად იცის რა „ფეიკს თხზავს“ და რისთვის ხდება ეს ყოველივე.
გამსახურდიამ ისაუბრა ასევე, თუ როგორ რეგულირდება აღნიშნული საკითხი სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობაში. კერძოდ, მისივე განმარტებით, პოლონეთში აღნიშნული რამდენიმე კანონით არის დარეგულირებული.
„ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია დაფინანსების შესახებ ინფორმაციას საგადასახადო უწყებებში ისედაც წარადგენს, ამ ყველაფრის დეკლარირებაც ხდება. ამას ადგილობრივი კანონმდებლობა მოითხოვს. რომ იტყვიან, ეს ჩვეულებრივი ცხოვრებისეული რუტინაა. ვინმეს რომ მოვუყვეთ ჩვენს მეგობრებს, პოლონელებს, ასევე ლიტვაშიც ან ლატვიაშიც, ვერ მიხვდებიან, თუ რატომ არის ამაზე აჟიოტაჟი ატეხილი, რადგან ამ ქვეყნებში ეს რეგულირდება კანონმდებლობით. ფულს რომ იღებს არასამთავრობო ორგანიზაცია, პოლიტიკური პარტია ან კერძო პირი, რომელიც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწევა, იგი მის წარმომავლობას ადასტურებს“, - განაცხადა გამსახურდიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაიინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.