„გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ შეუერთდებიან მხოლოდ ხალხის და არა პარტიულ პროტესტს. ასე უპასუხა გახარიამ ჟურნალისტის კითხვას, შეუერთდება თუ არა პარტია სხვა ოპოზიციური პარტიების მიერ დაანონსებულ უწყვეტ პროტესტს.
„ხალხის პროტესტს, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარში დავუდგებით და პარტიულ პროტესტს არ… პარტიული პროტესტი თუ მოგვინდა, ამ პროტესტს ჩვენ თავად დავაორგანიზებთ. რა გგონიათ, აქციის მოწყობაა პრობლემა?“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გახარიას თქმით, ახლა არ არის უიმედობის დრო, ახლა საქართველოს თითოეული მოქალაქის ხმის დაცვის დროა ყველა ხერხით. მისივე განცხადებით, ყველამ უნდა მიმართოს გონივრული პროტესტის იმ ფორმებს, რომლებიც მიზნად დაისახავს მოქალაქეების არჩევანის, ევროპული მომავლისა და არჩევნების ინსტიტუტის დაცვას.
„დღეს ჩვენ ყველგან ვიბრძვით მოქალაქეების ნების დასაცავად, ვიბრძვით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ვიბრძვით ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია სამართლებრივად, რადგან საქართველოს მოქალაქეების ნება იყოს დადასტურებული ობიექტურად. არჩევნების შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ადგილი ჰქონდა ამომრჩევლების დაშინებას, მოსყიდვას, პირადობის მოწმობებით მანიპულირებას, სისტემური ხასიათი ჰქონდა საჯარო მოხელეებზე და მათ შორის სოციალურად დაუცველებზე ზეწოლას, მათ დაშინებას, რათა მომხდარიყო არჩევნების შედეგების და ქართველი ხალხის ნების მოპარვა.
დღეს, მინდა, საქართველოს მოქალაქეებს ვუთხრა, ახლა არ არის უიმედობის დრო. ახლა არის საქართველოს მოქალაქეების თითოეული ხმის დაცვის დრო ყველა ხერხით. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან, ისევე როგორც ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებთან და ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც ჩვენმა წარმომადგენლებმა უბნებზე მოიპოვეს, ამ ყველაფერს გადავცემთ მათ და შესაბამის საგამოძიებო ორგანოებსაც. ყველამ ერთად, მათ შორის პოლიტიკოსებმა უნდა ვიბრძოლოთ, დავიცვათ საქართველოს მოქალაქის თითოეული მოქალაქის ხმის მიცემის თავისუფლების უფლება. მეორე – ჩვენ უნდა დავიცვათ არჩევნების, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის, ხელისუფლების მშვიდობიანი გზით ცვლილების ინსტიტუტის არსის გადარჩენა. მესამე – არჩევნების შედეგების გადარჩენა პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენასთან. ხაზგასმით ვამბობ, მოგიწოდებთ და გთხოვთ, ახლა არ არის უიმედობის დრო. ახლა არის 24-საათიანი შრომის დრო და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფრის მიუხედავად, იმის შემდეგ, რაც ბოლო თვეების განმავლობაში და განსაკუთრებით გუშინ „ოცნებამ“ ჩაიდინა, არასოდეს ისე სუსტი არ ყოფილან, როგორც დღეს, ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივმართოთ გონივრული პროტესტის იმ ფორმებს, რომლებიც მიზნად დაისახავს მოქალაქეების არჩევანის, ევროპული მომავლისა და არჩევნების ინსტიტუტის დაცვას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.