პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ამ მოლაპარაკებების პროცესის არჩევნებამდე ასე ახლოს და მოუმზადებლად, ცესკოში სიების წარდგენამდე 1 კვირით ადრე დაწყება იყო შეცდომა, თუმცა, ჩვენი მხრიდან პრეზიდენტის ამ შემოთავაზებაზე უარის თქმა, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა სწორი.
მე ეს მოლაპარაკებები უფრო ადრე უნდა დამესრულებინა, მაშინვე, როგორც კი ვერ მოხერხდა ნეიტრალურ პლატფორმაზე შეთანხმება. - ამის შესახებ "გახარაი საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩემი მხრიდან, ნეიტრალური პოლიტიკური პლატფორმის საკითხის დათმობამ, მეორე მხარის სიხარბე წაახალისა, რამაც პროცესი საბოლოოდ შეიყვანა ჩიხში.
გუშინ დაწყებულმა შავმა პიარმა, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მიზანი გახდა არა სამართლიანი შეთანხმების მიღწევა, არამედ ის, თუ ვის დაბრალდებოდა შეთანხმების ჩაშლა.
დიახ, წერტილი დავსვი! მე!!!!!! წერტილი დავსვი იმიტომ, რომ მიზანი გადამერჩინა - ჩვენი ორი გუნდის სამომავლო შესაძლო სამართლიანი, ეფექტური თანამშრომლობის პერსპექტივა, როგორც მთავარი ინსტრუმენტი ქვეყანაში პოლარიზაციისა და ორპოლუსიანობის დაძლევის.
წერტილი დავსვი იმიტომ, რომ მოლაპარაკებების დაწყების მიზანი შევიდა ჩიხში. სამწუხაროდ, თავდაპირველი მიზანი დაიკარგა სიხარბეში, ვიღაცისთვის მთავარ მიზანი გახდა მოლაპარაკებების ჩაშლის მეორე მხარისთვის დაბრალება, სხვებისთვის კი ნებისმიერ ფასად ნებისმიერ ფურცელზე ხელის მოწერა.
ჩვენ აქამდე არ გვისაუბრია საჯაროდ მოლაპარაკებების საკითხებზე, გავუფრთხილდით როგორც თავდაპირველ მიზანს, რომელიც ჩვენთვის ძლიან მნიშვნელოვანია დღესაც, ისე მეორე მხარეს, რომელთანაც მომავალში პოზიტიურ თანამშრომლობას, რა თქმა უნდა, ისევ ვაპირებთ.
ახლაც, ვსაუბრობთ მოლაპარაკების მხოლოდ იმ პრინციპებზე, რაც, ერთი მხრივ, დააკმაყოფილებს საზოგადოების სამართლიან ინტერესს და, მეორე მხრივ, შეინარჩუნებს ჩვენი მომავალში თანამშრომლობის რესურსს.
რას არ დათანხმდა ხაზარაძე:
ნეიტრალურ პლატფორმას- თქვა, რომ მას ბევრი მილიონი აქვს ჩადებული „ლელოში“, ამიტომ ნეიტრალური პლატფორმა ამის და დროის სიმცირის გამო არის შეუძლებელი.
გადაწყვეტილების მიღების სამართლიან პარიტეტულ პრინციპს - ითქვა, რომ იქ კოალიციაა და ბევრი სუბიექტია , ამ სუბიექტებს შორის ურთიერთობა მაშინაც და დღესაც არის გაურკვეველი.
კოალიციის დაუშვებლობის პრინციპს როგორც ქართულ ოცნებასთან, ისე ნაციონალურ მოძრაობასთან.
ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვაყენებდით პარტიულ ინტერესებზე მაღლა, ჩვენ უარი ვთქვით ყველაფერზე - პარტიაზე და პარტიულ ნომერზეც - რამაც საპასუხო კომპრომისის ნაცვლად კიდევ უფრო მეტი მადა აღუძრა მეორე მხარეს და პროცესი საბოლოოდ და სრულად ააცილა თავდაპირველ მიზანს.
ამიტომ, ჩვენ ვუბრუნდებით თავდაპირველი მიზნისთვის აუცილებელ პირობებს და საჯაროდ ვაცხადებთ ჩვენს მზაობას შემდეგი საკითხებით:
ნეიტრალური პოლიტიკური პლატფორმა და ვთვლით, რომ ეს არის უსაფრთხო და სამართლიანი ყველასთვის
გადაწყვეტილების მიღების სამართლიანი პარიტეტული პრინციპი
კოალიციის დაუშვებლობის პრინციპი როგორც ქართულ ოცნებასთან, ისე ნაციონალურ მოძრაობასთან
მე მადლობას ვუხდი საქართველოს პრეზიდენტს და მამუკა ხაზარაძეს. ეს პროცესი თავად იყო პოზიტიური, რამაც გააძლიერა შესაძლებლობა ჩვენი მომავალში თანამშრომლობის.
მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამჟამინდელმა პროცესმა იმედგაცრუება არ გამოწვიოს.
ამ მოლაპარაკებების თავდაპირველ მიზანს, რაც ნიშნავს ქვეყანაში ევროპული მომავლის დაცვას და პოლარიზაციის დასრულებას, ჩვენ ყველა ერთად, ყველა შემთხვევაში და ყველაფრის მიუხედავად, აუცილებლად მივაღწევთ!"- განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, გუშინ "გახარია საქართველოსთვის" გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: მადლობას ვუხდით "ლელოს" დისკუსიაში მონაწილეობისთვის - ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა
მოგვიანებით კი მამუკა ხაზარაძემ "ფეისბუკში" დაწერა: "გახარიას ამ შეთანხმების ჩაშლის გამო, მოუწევს, თავად აუხსნას ამ პროცესის გულშემატკივრებს, რამ აიძულა უარი ეთქვა ამ ნაბიჯის გადადგმაზე"
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
17 სექტემბერს, სალომე ზურაბიშვილის პრესსასამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, " ხვალ, ორბელიანების სასახლეში 15:00 საათზე, პრეზიდენტი ელოდება ,,ძლიერი საქართველოს" და ,,გახარია საქართველოსათვის" წარმომადგენლებს"
განცხადებამდე პრეზიდენტმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა:
"ახლა საჭიროა კიდევ ერთი რამ, ოპოზიციური ამომრჩევლისათვის არჩევანი კიდევ გავამარტივოთ. პოზიტიური მესამე ცენტრი, რომელსაც ელოდება გადაუწყვეტელი ამომრჩეველი და რომელსაც უნარი აქვს საზოგადოებაში სრული მობილიზაციისთვის საჭირო მუხტი გააჩინოს.
მე ამისი მჯერა და ამიტომ მონაწილეობა მივიღე ყველასთან კონსულტაციებში და მზად ვარ, როგორც ნეიტრალური მხარე ამ პროცესს ხელი შევუწყო. გადაწყვეტილება კი, ორი პროევროპული ძალის, ერთი მხრივ, გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ და მეორე მხრივ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ხელშია.
ვიმედოვნებ, რომ ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვან ეტაპზე შეძლებენ, გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც ამომრჩეველს მეტ სიცხადეს, მეტ გარკვეულობას და მეტი ძალის განცდას მისცემს." - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რასაც "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში უპასუხა: "მე გამოვთქვი მზადყოფნა, ვისაუბრო გიორგი გახარიასთან ამ თემაზე თუ ეს ქვეყანას გამარჯვებას მოუტანს"
ხაზარაძემ ახალი განცხადება გაავრცელა სოციალურ ქსელში. სადაც აცხადებს გახარიასთან შეხვედრა ერთი-ერთზე სამწუხაროდ დღეს ვერ ხერხდება, პრეზიდენტს მას შემდეგ შევხვდებით, თუ გვექნება ერთობლივი მუშაობის შესახებ ხედვა
მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია ორბელიანის სასახლეში მისვლამდე ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ.
პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკება არ დაგვიმთავრებია, არის ტექნიკური საკითხები, ავიღეთ პაუზა
ყოფილმა პრემიერმინისტრმა კი განაცხადა: ჩვენი მხრიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, ხაზარაძემ ითხოვა კიდევ ერთი დღე
ასევე, გიორგი გახარიას თქმით, ბევრი ადამიანი იქნება მამუკა ხაზარაძის გუნდში, რომელიც გახარიას დაუძახებს თვალთხარიას და ბევრი ადამიანია ჩვენს გუნდში, რომელიც ხაზარაძეს დაუძახებს მევახშეს - და მერე რა?!