მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა, დასრულდება ხვალ, - ამის შესახებ პარტია "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ ორბელიანების სასახლეში კოალიცია "ძლიერი საქართველოს“ ლიდერთან, მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა. ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ დღეს დასრულდებოდა. დასრულდება ხვალ. გარკვეული შეთანხმებები შედგა. არის რაღაც საკითხები, რომელიც დასასრულებელია.
მე გუშინ ვთქვი, რომ დარჩენილი იყო ერთი საკითხი, რომელიც ეხებოდა პარიტეტის საკითხს. სამწუხაროდ, როგორც უნდა დალაგებულიყო ისე ვერ დალაგდა, თუმცა რაღაცნაირად გამოსავალი ვნახეთ. ახლა კიდევ არის საკითხები, ცოტა უფრო კონკრეტული, რომელიც იმედი მაქვს,რომ ხვალ დღის განმავლობაში დასრულდება, შეთანხმება იქნება მიღწეული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისათვის, ორბელიანების სასახლეში გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის კონსულტაციები მეორე დღეა მიმდინარეობს.
კოალიცია "ძლიერ საქართველო" და პარტია "გახარია - საქართველოსთვის" გაერთიანებასთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში 16 სექტემბერს მიიწვია. ორბელიანების სასახლეში მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის შეხვედრა 17 სექტემბერს შედგა, თუმცა აუდიენცია კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. მანამდე მხარეებს პირისპირ კონსულტაციებიც ჰქონდათ.