ჩვენმა გუნდმა დავთმეთ პრაქტიკულად ყველაფერი, რისი დათმობაც შეიძლებოდა. არის რაღაც ვალდებულებები, რომელიც ხაზარაძემ აიღო. ჯერჯერობით, ეს ვალდებულებები, რაღაც მიზეზების გამო ვერ სრულდება, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერთან, მამუკა ხაზარაძესთან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული მორიგი შეხვედრის შემდეგ „ფორმულას" ეთერში განაცხადა.

„დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში, დღეს ეს ყველაფერი დამთავრდება, უნდა დამთავრდეს... აქ ბევრი დრო აღარ არის, ჩვენმა გუნდმა დავთმეთ პრაქტიკულად ყველაფერი, რისი დათმობაც შეიძლებოდა და არის რაღაც ვალდებულებები, რომელიც მეორე მხარემ, კონკრეტულად ხაზარაძემ აიღო, ჯერჯერობით, ეს ვალდებულებები, რაღაც მიზეზების გამო ვერ სრულდება. როგორც ჩანს, ვერ აღწევს შეთანხმებებს შიგნით გუნდში, თუმცა, ძალიან იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი შედგება და დასრულდება წარმატებით.
ჩემი და ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი გახლავთ, შევქმნათ პრეცედენტი ამ ქვეყანაში, როდესაც არჩევნების გზით შესაძლებელი გახდება ერთდროულად "ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" გადასვლა ოპოზიციაში... ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს არის ერთადერთი პირობა ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულების, ეს არის ჩვენთვის მთავარი მიზანი და სწორედ ამიტომ ჩვენ თვალს ვხუჭავთ და არ ვითვალისწინებთ ჩვენს პარტიულ ინტერესებს და ქვეყნის, სახელმწიფოს ინტერესებს ვაყენებთ ყველაფერზე მაღლა, ეს არის ჩვენი მთავარი მოტივი", - ამბობს გახარია.

ცნობისათვის, კოალიცია "ძლიერ საქართველო" და პარტია "გახარია - საქართველოსთვის" გაერთიანებასთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში 16 სექტემბერს მიიწვია. ორბელიანების სასახლეში მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის შეხვედრა 17 სექტემბერს შედგა, თუმცა აუდიენცია კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. მანამდე მხარეებს პირისპირ კონსულტაციებიც ჰქონდათ.