ბევრი ადამიანი იქნება მამუკა ხაზარაძის გუნდში, რომელიც გახარიას დაუძახებს თვალთხარიას და ბევრი ადამიანია ჩვენს გუნდში, რომელიც ხაზარაძეს დაუძახებს მევახშეს - და მერე რა?! ამის გამო ჩვენ რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის უნდა გადავდოთ? არა! მე ასე არ ვფიქრობ - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ორბელიანების სასახლეში „ძლიერი საქართველოს“ ლიდერთან, მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"მახსოვს, მეძახდნენ თვალთხარიასაც, მოღალატესაც, რუსეთის კაცსაც. სამწუხაროდ, დღევანდელი „ოცნების“ წევრებიც მეძახიან თვალთხარიას. „ოცნების“ ნარატივში გამოვიდა, ესენი ერთმანეთს თვალთხარიასო და გახარია თაღლითს ეძახდაო. საერთოდ, ჩემი ლექსიკა არ არის, სიტყვა თაღლითი გადავამოწმე, ბევრი რამ მითქვამს, მითქვამს მატყუარა, მითქვამს, რომ ქვეყანაში პრივილეგირებული ბიზნესმენები არ უნდა იყვნენ, დღესაც ასე მიმაჩნია.
მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ როდესაც ქვეყანაზე და სახელმწფიო ინტერესებზეა საუბარი, როდესაც საუბარია, რომ ქვეყანაში შეიძლება გაჩნდეს შესაძლებლობა, ერთი არჩევნების პირობებში ერთდროულად შევძლოთ, დავამარცხოთ „ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“, რა თქმა უნდა, მე ბევრ რამეს ავიტან, ამიტანია და მომავალშიც ავიტან, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ქვეყანამ გაიმარჯვოს. ამაში ვინმე რამე ცუდს თუ ვხედავთ ან შემძრახავთ, ამასაც მივიღებ“.- განაცხადა გიორგი გახარიამ.