17 აგვისტოს ზუგდიდში, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ რეგიონული ოფისი გახსნა და სამეგრელოში საარჩევნო კამპანიის დაწყების ღონისძიება გამართა.
პარტიის ლიდერმა, გიორგი გახარიამ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა.
„მოდით დავიწყოთ მადლობით!
მადლობა ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს! მადლობა თითოეულ ჩვენს თანამებრძოლს!
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ძალიან მძიმე დღეები გამოიარა ამ ხალხმა, განსაკუთრებით აქ, სამეგრელოში - ბრალდებები, დეზინფორმაცია, ტყუილები, ზეწოლის, მოსყიდვის მცდელობები, უბრალოდ, უღირსი საქციელი... ეს ხალხი დღეს ღირსეულად აქ დგას და საქართველოსთვის იბრძვის. მადლობა კიდევ ერთხელ მათ!
მადლობა ჩვენ მხარდამჭერებს, იმ გონიერ ადამიანებს, რომლებსაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თავზე გადმოანთხიეს უამრავი დეზინფორმაცია, ტყუილი, ხან რა დაგვაბრალეს, ხან - რა და ვერ გატეხეს ეს ხალხი. მათი რიგები დღეს საქართველოსთვის უფრო და უფრო იზრდება. ეს ის ხალხია, რომელიც წყვეტს და მომავალშიც გადაწყვეტს საქართველოს ბედს.
თქვენ ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ 12 წელი გავიდა, რაც „ოცნება“ ხელისუფლებაშია. ამ 12 წლიდან ძალიან ბევრი დრო ჩვენ გავატარეთ ერთად. ბევრი კარგი საქმე გაგვიკეთებია, ბევრი მიღწევაც ყოფილა, ბევრი წარმატებაც ყოფილა, შეგვშლია კიდეც და ამის აღიარება არასდროს შეგვშინებია, უბრალოდ, შემიძლია გითხრათ, რომ არასდროს დავმალულვარ, არასოდეს გავქცეულვარ, არასდროს საქართველოს მოქალაქეები მარტო გასაჭირში არ მიგვიტოვებია და არასდროს კორუფციაში არ გავრეულვართ. რასაც, სამწუხაროდ, დღეს, „ოცნებაში“ დარჩენილ ბევრ ადამიანზე, ვერ ვიტყვი.
ამიტომ ვდგავართ დღეს ჩვენ ასე ღიად, თამამად, გააზრებული გვაქვს რა სრულად ჩვენი პასუხისმგებლობა, მოვალეობები, ვალდებულებები ქვეყნის წინაშე. ასე ვაკეთებდით ყოველთვის საქმეს, მაგრამ „ოცნებასთან“ ჩვენი გზები გაიყო და გაიყო მაშინ, როცა აშკარა გახდა, რომ ადამიანები, იმისთვის რომ თბილი კაბინეტები, სავარძლები, ძალაუფლება და მოპარული ფული შეენარჩუნებინათ, ღირსება დაკარგეს. ისინი დღეს მზად არიან ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წავიდნენ.
დღეს ჩვენი ყველაზე დიდი უბედურება მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანები, რომლებისაც ჩვენ გვჯეროდა, დღეს საქართველოს მოქალაქეებს, მე, თქვენ, გვაშინებენ და გვაშანტაჟებენ ომით, ომით! საკუთარ მოქალაქეებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ტრავმირებულები ვართ ომით, 1990-იანი წლებიდან, განსაკუთრებით, სამეგრელო. ეროვნული მოძრაობიდან დაწყებული, 2008 წლით გაგრძელებული, აფხაზეთით დამთავრებული... და ჩვენ გვაშანტაჟებენ ომით! გვეუბნებიან , რომ „ან მე, ან - ომი“ და ურცხვად გვატყუებენ, რადგან „ოცნებას“ დღეს არანაირი რესურსი აღარ დარჩა მშვიდობის შენარჩუნების!
და მოდით, დავიწყოთ მშვიდობით!
მშვიდობა არის ყველაზე დიდი ფასეულობა დღეს! მშვიდობა არის, რის გარეშეც არანაირ მიღწევას არანაირი ფასი არ აქვს! მაგრამ თქვენ, ყველამ ერთად, ჩემთან ერთად, ბევრი იმუშავეთ და ვიცით, რომ ჩვენ ამ მშვიდობას ბოლო12 წლის განმავლობაში ვაღწევდით ბალანსის პოლიტიკით, მხოლოდ ბალანსის პოლიტიკით! და დღეს, „ოცნებამ“ ბალანსის პოლიტიკა დაასრულა, მან არჩევანი გააკეთა, მან მხარე დაიჭირა. ამიტომ დღეს „ოცნებას“ არანაირი რესურსი აღარ გააჩნია, ვინმეს დაპირდეს მშვიდობას. მშვიდობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა შენ გესმის შენი ქვეყნის, შენი ხალხის, შენი მოქალაქეების არჩევანი ბოლო 30 წლის განმავლობაში და ეს არჩევანი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი! ამავე დროს, ჩვენ ჩვენში უნდა გამოვნახოთ ძალა, კომპეტენციაც, სითამამეც, სიმამაცეც, რომ პრაგმატული პოლიტიკა ვაწარმოოთ ყველასთან, მათ შორის ოკუპანტთანაც და ეს პასუხისმგებლობა ჩვენ ყოველთვის გვქონდა, მაგრამ „ოცნებამ“ ეს პასუხისმგებლობა დღეს გააცამტვერა, რადგან მან არჩევანი გააკეთა, მხარე დაიჭირა, „ოცნება“ დღეს ამ გლობალურ დაპირისპირებაში მხარეა, მათი ყველანაირი დაპირება საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებზე არის ტყული, მათ, ერთადერთი, რაც მოახერხეს და გააკეთეს, მოახერხეს და საქართველო აქციეს დიდი სახელმწიფოების დაპირისპირების პოლიგონად. მეორე მხრიდან, ჩვენ, სამწუხაროდ, გვაყვს ეს რადიკალური ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც სასარგებლო იდიოტის როლში, „ოცნებას“ ეხმარება აი ამ ტყუილებით ადამიანებზე ზემოქმედება მოახდინოს. ამიტომ, ჩვენ როდესაც ვამბობთ მშვიდობას, ჩვენი მთავარი დევიზია: არა „ოცნებას“, არა „ნაცებს“, მშვიდობა საქართველოს!
მოდით, დავიწყოთ ევროპით!
ევროპა არ არის ჩემი, თქვენი და ჩვენი თაობის არჩევანი, ევროპა საქართველოს საუკუნეების არჩევანია. რაც მთავარია, ევროპა ჩვენი შვილების ოცნებაა და არავის აქვს უფლება და არავის ეპატიება - შესაძლებლობა, როდესაც ევროპული კავშირი დღეს საქართველოს ეუბნება, თქვენთვის კარი ღიაა, მობრძანდით... ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვას! მინდა გითხრათ, რომ პასუხისმგებლობები პერსონალიზებული იქნება! მე ეს არაერთხელ ვთქვი და ეს უკვე ახდა. ზუსტად, ასე, ყველა ის ადამიანი ან პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელს შეუშლის საქართველოს სრულფასოვან წევრობას ევროპის კავშირში, მათ პარსონალური პასუხისმგებლობა დაეიკისრებათ!
რატომ ევროპა?!
ევროპა არის მშვიდობა, ევროპა არის ერთადერთი სახელმწიფოების გაერთიანება, რომლის შექმნის შემდგომაც, მის არცერთ წევრ სახელმწიფოში ომი არ ყოფილა! ევროპა არის სიმდიდრე და კეთილდღეობა, ევროპა არის სამართლიანობა, ევროპა არის კარგი განათლება ჩვენი შვილებისთვის, ევროპა არის კარგი მედიცინა ჩვენი ხანდაზმულებისთვის. ევროპა არის კარგი შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, ისწავლონ და თვითრეალიზდნენ. რატომ გარბიან ჩვენი შვილები, ევროპაში? იმიტომ, რომ ისინი უკვე ევროპელები არიან, მათ ეს არჩევანი გააკეთეს. და თუ არ მოვიყვანთ აქ ევროპას, ჩვენი შვილები მოემსახურებიან და ააშენებენ სხვა სახელმწიფოს. ამის დაშვება არ შეიძლება! ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, „ნაცებისგან“ და „ოცნებისგან“ განსხვავებით, ვისაც შეუძლია საქართველო ყველაზე სწრაფად და მშვიდობიანად მიიყვანოს ევროპულ კავშირში და ეს იქნება უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ - მშვიდობიანი, თანმიმდევრული, ნდობის აღმდგენი პროცესი.
ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე არ არსებობს ძლიერი ქართული სახელმწიფო! მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, აფხაზეთს და სამაჩაბლოს არავინ გვაჩუქებს! ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთს, ჩვენ ნაცვლად, ოკუპაციაზე არავინ და ვერავინ დაელაპარაკება. ეს პასუხისმგებლობები ჩვენ სრულად უნდა გვქონდეს გააზრებული. ამიტომ იყო ყოველთვის საქართველოსთვის ბალანსის პოლიტიკა მნიშვნელოვანი, ამიტომ ამოწურა „ოცნებამ“ ნებისმიერი რესურსი ილაპარაკოს მშვიდობაზე მაშინ, როდესაც გახდა კონფლიქტის მხარე და ქვეყანა გაწირა იზოლაციისთვის!
ამ ყველაფრიდან ჩვენი ყველაზე დიდი გამოსავალი არის, რა თქმა უნდა, არჩევნები, რომელზედაც, მე დარწმუნებული ვარ, „ოცნება“ მიიღებს საკადრის პასუხს.
კიდევ ერთი, რაზედაც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, არის ის რომ „ოცნება“ დღეს ნეპოტიზმში და კორუფციაშია ჩაფლული, სამწუხაროდ. და მაშინ, როდესაც ჩვენ ყოველდღიურად კორუფციას ვებრძოდით, დღეს „ოცნება“ კორუფციის უფლებისთვის იბრძვის თავისი პოლიტიკური ელიტით! დღეს, „ოცნების“, როგორც პარტიის მთავარი მამოძრავებელი ძალა არის კორუფცია და ნეპოტიზმი. ეს ძალიან კარგად ჩანს ყოველდღიურად, როდესაც ნიჭიერ ახალგაზრდებს, უბრალოდ, გასაქანი არ აქვთ, სამსახურს ვერ შოულობენ, ნორმალურ განათლებას ვერ იღებენ, რადგან მათი ადგილი დაკავებული აქვთ ვიღაცის ბიძაშვილ-მამიდაშვილებს. კორუფცია სპობს ქვეყნის ნორმალური განვითარების ნებისმიერ შესაძლებლობას, კორუფცია, არის უსამართლობის ფუნდამენტი, რის გამოც გარბიან საქართველოდან ახალგაზრდები! ამიტომ, კორუფცია, ნეპოტიზმი, არის ის, რაც ჩვენ უნდა დავამარცხოთ ყველამ ერთად!
და შევქმნათ სამართლიანი, თანასწორი გარემო და დავემშვიდობოთ იმას, რასაც „ოცნება“ გვთავაზობს, როცა გვეუბნება, რომ თურმე ეკონომიკა იზრდება, მართლა იზრდება და ეს გაზრდილი ეკონომიკა მიდის 25-30 ოჯახის ჯიბეში, იმ ოჯახების, რომლებიც არიან „ოცნებასთან“ დაახლოებულნი.
მე თქვენ გპირდებით, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დაამარცხებს კორუფციას და ნეპოტიზმს და ყველა ლარს, ხალხის ფულს, მოპარულს ბიუჯეტიდან, იმ ვაჟბატონებიდან ყველას მოატანინებს უკან. სხვანაირად, ჩვენ ვერ ავაშენებთ ღირსეულ, ძლიერ, ქართულ სახელმწიფოს!
მინდა გითხრათ მომავალზეც, მერწმუნეთ, რომ საქართველოს მომავალი არის წარმატებული, ბედნიერი, განვითარებული და ძლიერი. საქართველოს მომავალი არის ნამდვილი მშვიდობა, ნამდვილი კეთილდღეობა და ნაღდი ღირსება და არა ის, როგორც „ოცნების“ ვიღაც იდეოლოგები დღეს ლაპარაკობენ და გვატყუებენ ღირსებაზე, რომელიც მათთვის, თურმე კორუფცია, ტყუილი და ნეპოტიზმია, მშვიდობაზე, რომლის დაცვის არანაირი რესურსი არ დარჩათ არც ქვეყნის გარეთ და არც ქვეყნის შიგნით. რასაც აკეთებენ ისაა, რომ ერთ საქართველოს უპირისპირებენ მეორე საქართველოს, ერთნი საქართველოს მოქალაქეს ეძახიან მოღალატეს, ხოლო მეორენი მათ უწოდებენ რუსებს! და ამას ყველაფერს დღეს აკეთებს მმართველი ძალა.
მე მინდა კიდევ ერთხელ აბსოლუტურად გულწრფელად გითხრათ, რომ უაღრესად დიდი მადლობელი ვარ თითოეული თქვენგანის, რასაც თქვენ აკეთებდით ბოლო 4 წლის განმავლობაში და იმისთვის, რაც ჩვენ ჯერ კიდევ წინ გველის.
ჩვენ ყველანი ერთად, ყველანი ერთად, ნამდვილი ღირსებით, ნამდვილი მშვიდობით და ნამდვილი კეთილდღეობით, თითოეული ქართული და საქართველოს მოქალაქის ოჯახისთვის, მივიყვანთ და გავიყვანთ ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოზე! მადლობა და გამარჯვებას გისურვებთ! - განაცხადა გიორგი გახარიამ.