„ისეთ მნიშვნელოვან ეტაპზე, რომელზედაც დღეს საქართველო იმყოფება , მნიშვნელოვანია, რომ როგორც ოპოზიციამ ისე მმართველმა გუნდმა აჩვენოს კონსოლიდაცია და საერთო ღირებულებების გარშემო გაერთიანება, მაგრამ ის გზა, რომელიც არჩეული აქვს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ჩვენთვის არ არის გასაკვირი“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ჩაკვეტაძემ.
გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები სხვადასხვა დერეფნებში, სხვადასხვა შეხვედრებზე დადიან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან მათ სჯერათ, რომ თუკი ეს ასე მოხდება, არეულობის გზით შეძლებენ ხელისუფლებაში დაბრუნებას.
გიორგი ჩაკვეტაძის თქმით, საქართველო გააგრძელებს ევროპულ განვითარებას და 12 პუნქტის შესრულებას.
„ჩემთვის, როგორც ახალგაზრდისთვის და ერთი რიგითი მოქალაქისთვის წარმოუდგენელია ის დამოკიდებულება, რომელიც ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას აქვს ამ მნიშვნელოვანი ეტაპის მიმართ და მე მათ მოვუწოდებ, რომ ჯერ კიდევ არის დრო, ჩაერთონ 12 პუნქტის შესრულებაში, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის პროცესში, ასევე დეპოლარიზაციაშიც. ასე რომ ბურთი მათ მოედანზეა. ჩვენ კი დაველოდებით გადაწყვეტილებას და იმედი მაქვს, რომ ევროპელი ლიდერები მიიღებენ ღირსეულ გადაწყვეტილებას საქართველოს, როგორც ღირსეული პარტნიორის მიმართ“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.