თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე „უცხოელი გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა და „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოების მიზანმიმართულ დეზინფორმირებაში დაადანაშაულა. როგორც გიორგი ჩაკვეტაძემ განმარტა, აღნიშნულ კანონპროექტს რუსულ კანონთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა და ოპოზიციამ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა სცადა.
„თქვენ ახალგაზრდებს გააპროტესტებინეთ კანონპროექტი, რომელსაც რუსულთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა და გააპროტესტებინეთ ის პროცესი, რომელიც ევროინტეგრაციასთან არანაირ კავშირში არ იყო, რადგან შეუძლებელია, რაიმე კანონპროექტზე მსჯელობა იყოს არაევროპული ღირებულება. მსგავს კანონზე მუშაობა უკვე დაიწყო კანადამ, ბრიტანეთმა, ევროკავშირმა. ბევრად მკაცრი კანონი წლებია მოქმედებს ისრაელში, ავსტრალიაში, აშშ-ში და ბევრ სხვა სახელმწიფოში. ამ ქვეყნებს გაცილებით უფრო ხისტი, გაცილებით უფრო მკაცრი კანონმდებლობა აქვთ, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს რუსულ კანონთან“- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერზე, ვანო მერაბიშვილზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ის პროცესები, რომელიც მან წამოიწყო, სამარცხვინოა. გიორგი ჩაკვეტაძის თქმით, ვანო მერაბიშვილმა მოწოდებები ხელისუფლების შეცვლის და საქართველოს ომში ჩართვის შესახებ გააკეთა.
„ვანო მერაბიშვილის დროს, ჩვენი გმირი სამხედროები ბრძოლის ველზე მიატოვეს. მხარი დაუჭირეს სამარცხვინო რეზოლუციას. ჩვენ ვნახეთ მისი ნაწარმოები ომი და ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ჩვენ და ჩვენი საზოგადოება არ დაუშვებს იმას, რომ ვანო მერაბიშვილი და მისი „კასირი“ კეზერაშვილი ხელისუფლებაში მობრუნდნენ და ამ ქვეყანაში კიდევ ერთი ომი მოხდეს. “ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი კავშირი არ აქვს არც ევროკავშირთან, არც ევროპულ ღირებულებებთან, მეტიც ფაქტობრივად ეს პარტია დესტრუქციული ძალების პლაცდარმად გადაიქცა. ეს ჯგუფები არეულობის შექმნას მუდმივად შეეცდებიან. თუკი ვინმეს, ჩვენს ქვეყანაში არეულობა სურს - ეს რუსეთია“- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.