„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივანი, გიორგი ბოტკოველი გამოეხმაურა დღევანდელ ბრიფინგს, სადაც ლევან ხაბეიშვილს საკრებულოს სიიდან ხალხის ამოღებაში ადანაშაულებენ.
როგორც გიორგი ბოტკოველმა აღნიშნა, ეს მოხდა ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე და არავის არავინ საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწყვიტავს. მან ასევე თქვა, რომ ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა, რაც ყველა პარტიაში ხდება, მსგავსი გადაწყვეტილება მიუღია წინა მენეჯმენტსაც და იმის წინა მენეჯმენტსაც;
„ეს არის პროცედურა, რომელიც არის ჩვეულებრივი პროცედურა, არავის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არავისთვის არ შეუწყვეტია. ასეთი გადაწყვეტილება მიუღია პარტიის წინა მენეჯმენტსაც, იმის წინა მენეჯმენტსაც და ეს ნებისმიერ პარტიაში არის ჩვეულებრივი პროცესი, როდესაც კონკრეტული ადამიანის ამოღება ხდება სიიდან, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უფრო მეტად საინტერესო ის არის, რომ ადამიანები, რომლებიც პარტიის ლანძღვით არიან მხოლოდ დაკავებულები და პარტიის დაგეგმილ ღონისძიებებში არ ერთვებიან ყოველთვის ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება პარტიის რაიონული ორგანიზაციის საფუძველზე და ამ შემთხვევაშიც ესე მოხდა. ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე მოხდა კონკრეტული ადამიანის სიიდან ამოღება და არა, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა არ მომხდარა. აქვე დავამატებ, რომ პარტიაში არანაირი ფლანგები არ არსებობს, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთი ჯანსაღი ნაწილი, რომლის ფლანგებად დაყოფა ჩემთვის არის მიუღებელი.“ - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციაში, ახალი დაპირისპირებაა. პარტიის წევრებს შორის განხეთქილების მორიგი მიზეზი, ბათუმის საკრებულოში პარტიის კვოტით შესული ლაშა კილაბერიას მიერ მანდატის დატოვება და სიის მომდევნო წევრით ჩანაცვლებაა.
როგორც დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, მელიას მხარდამჭერებმა განაცხადეს, პარტიის თავმჯდომარემ ბათუმის საკრებულოს სიიდან 3 ადამიანი ისე ამოიღო, არავისთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
ბრიფინგზე თქვეს, რომ ხაბეიშვილმა მელიას მხარდამჭერების დასჯა დაიწყო, რაც კიდევ უფრო ამწვავებს დაპირისპირებას პარტიაში.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის მირდატ ქამადაძის თქმით, თუ პარტიის თავმჯდომარე საკუთარ გადაწყვეტილებას არ განმარტავს, მას პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვება მოუწევს. - ქამადაძე ხაბეიშვილს: ან ამ საქციელს ახსნით ბატონო ლევან, თუ არადა დაიხურავთ ქუდს და წახვალთ ამ პარტიიდან