„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ლევან ანთაძე გამოეხმაურა დღევანდელ ბრიფინგს, სადაც ლევან ხაბეიშვილს საკრებულოს სიიდან ხალხის ამოღებაში ადანაშაულებენ. როგორც ლევან ანთაძემ აღნიშნა, საკრებულოში წარმოდგენილი დეპუტატები უნდა წარმოადგენდნენ პარტიის ინტერესებს და სწორედ ასე კეთდება პარტიული სიები;
„საკრებულოში პარტიის წარმომადგენელი, რომელიც არის გასულ დეპუტატად, უნდა წარმოადგენდეს პარტიის ინტერესს და სწორედ ასე კეთდება პარტიული სიები. ეს ადამიანები უკვე თვეების განმავლობაში უკვე აღარ ატარებენ პარტიის ხაზს, საერთოდ არ აქვთ კომუნიკაცია ჩვენთან, ეს ადამიანები არიან გარკვეულ დაჯგუფებაში, რომლებსაც ცალკე ოფისიც აქვთ გახსნილი და არ ვიცი ვის ინტერესს ატარებენ. აქედან გამომდინარე, მოხდა სწორედ ამ ადამიანების სიიდან ამოღება.“ - განაცხადა ლევან ანთაძემ
მან ასევე აღნიშნა, რომ არაფერ კავშირში არ არის თუ ვის უჭერდნენ კონკრეტული ადამიანები მხარს თავმჯდომარის არჩევნების დროს, მას შემდეგ ორი თვე გავიდა. რაც შეეხება ლევან გორგილაძეს კი, ანთაძემ აღნიშნა, რომ მან თვითონ დაწერა განცხადება და გადადგა ახალგაზრდული მოძრაობიდან;
„მე მოვისმინე, რომ თურმე იმიტომ ამოვიღეთ სიიდან, რომ ნიკა მელიას მომხრეები არიან, მაგრამ პარტიის თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ გავიდა ორი თვე, ეს ადამიანები საერთოდ არც კონტაქტზე გამოსულან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენგან იყო ამის შეთავაზება.
რაც შეეხება ლევან გორგილაძეს , მან დაწერა განცხადება და გადადგა ახალგაზრდული მოძრაობიდან და აღნიშნა, რომ თურმე ყრილობაზე უნდა მიეწვიათ. ადამიანი, რომელიც პარტიას საერთოდ არ ეხმიანება, არ კონტაქტებს და დაკავებულია რევანშით, რა თქმა უნდა, ვერ წარმოადგენენ ბათუმის თვითმმართველობაში „ნაციონალურ მოძრაობას“, სხვა პარტიაში მათ შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა და წარმოადგინონ ის ინტერესები და ის პარტია, რომელსაც ისინი ატარებენ, თუმცა ჩემთვის დღეს გაურკვეველია ის ინტერესი, თუ რას ემსახურებიან ისინი.“ - განაცხადა ლევან ანთაძემ