საკანში ყოველ ღამეს მიდიოდა ფსიქოლოგიური წნეხი, რომ შვილს მოგიკლავ, ჩემი ძმების სურათებს მაჩვენებდნენ, რომ ეს უკვე სამსახურიდან გაგდებულია, იცოდე, გაგანადგურებთ ოჯახის წევრებიანადო, ეს მიმდინარეობდა რამდენიმე დღე, – ამის შესახებ ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა.

„საკანში არ ქრებოდა შუქი არასდროს. ყოველ ღამეს გავყავდით საკნიდან, მიდიოდა ფსიქოლოგიური წნეხი, რომ შვილს მოგიკლავ, იმას ვიზამთ, ამას ვიზამთ. ჩემი ძმების სურათებს მაჩვენებდნენ, რომ ეს უკვე სამსახურიდან გაგდებულია, ახლა მივყვებით ყველა დანარჩენს – შენი ბავშვი დღეს სკოლიდან რომ გამოვიდა, გეტყვი, ზუსტად სად იარაო. მე ვუთხარი, რად მინდა, რომ მეუბნები მაგას-მეთქი? იცოდე, გაგანადგურებთ ყველანაირად, ოჯახის წევრებიანადო. ეს მიმდინარეობდა რამდენიმე დღე“, – განაცხადა გიორგი აბდალაძემ.

როგორც გიორგი აბდალაძემ აღნიშნა, გლდანის ციხეში პატიმრებს საჭმელში უფურთხებდნენ, რომ არ ეჭამათ.

„ხუთი დღე საჭმელს არ ვჭამდი. პატიმარს საჭმელში ჩაუფურთხეს. გლდანის ციხეში პატიმრებს ასე ეპყრობოდნენ ეს არაადამიანები, რომ პატიმრებს არ ეჭამათ საჭმელი. პატიმარს ეუბნება, ეს თუ შიმშილობს, შენ რატომ ჭამო. აიღო და ჩაუფურთხა საჭმელში, დაუდო და მე რომ გამოვთქვი ამაზე პროტესტი, ამ პატიმარმა მთხოვა, გეხვეწები, ხმა არ ამოიღოო, მოგვკლავენ ცემაში, გაგვიყვანენ და საშინელ დღეში ჩაგვაგდებენო. საკანში წყალი არ გვქონდა და მაისურით ვიწმენდდით“, – განაცხადა გიორგი აბდალაძემ.