რამდენჯერ შეიძლება თქვა, რომ გაშიშვლებულია უკვე ხელისუფლება, არ შეიძლება კომიკურად იქცეს ერთი და იგივე ფრაზების გამეორება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ოპოზიციასა და მათი საპარლამენტო პროცესებში მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის 9 რეკომენდაციის შესასრულებლად საპარლამენტო პროცესებში ოპოზიციის მონაწილეობას „ქართული ოცნება“ საზოგადოების მოსატყუებლად გამოიყენებს.
„თუ მოხდება მოულოდნელი რამე და გაირკვევა, რომ ივანიშვილის რეჟიმმა საოცარი მიზეზების გამო უცებ მართლა გადაწყვიტა, რომ აქვს პოლიტიკური ნება ცვლილების და თუ იტყვიან, რომ უნდა დავილაპარაკოთ ოპოზიციასთან როგორ უნდა მოხდეს ეს, მაშინ აქვს აზრი ოპოზიციის მხრიდან საპარლამენტო ინსტრუმენტების გამოყენებას. ხოლო ეს თუ არ ხდება, მაშინ სიმულაციაში უნდა რომ დეკორაციად გამოგიყენოს იმისთვის, რომ საზოგადოება მოატყუოს, მერე ისევ უნდა მოუტრიალდე და ისევ უნდა ამხილო. მერამდენედ უნდა გააშიშვლო? ტყავს ხომ არ ააძრობენ ბოლო-ბოლო. რამდენჯერ შეიძლება თქვა, რომ გაშიშვლებულია უკვე ხელისუფლება არ შეიძლება კომიკურად იქცეს ერთი და იგივე ფრაზების გამეორება, ამიტომაც მაქვს მე სკეფსისი და თუ მე ვცდები, ეს იქნება ძალიან კარგი სიურპრიზი საზოგადოებისთვის“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისივე თქმით, ოპოზიცია მოლოდინებს ქმნის, რომ პარლამენტში „თუხთუხი“ იქნება, თუმცა შემდეგ წუწუნებენ, რომ „ოცნება“ მინიმალურ სტანდარტსაც არ იცავს.
„მოლოდინებს ქმნის ეს ხალხი, ვინც პარლამენტშია, „ნაციონალური მოძრაობა“ პირველ რიგში, ასევე ვაშაძე, რომ „ახლა თუხთუხს განახებთ, ნახეთ, რა ვუქნათ“, ხოლო მერე მიდის ხოლმე წუწუნი, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მინიმალურ სტანდარტს არ იცავენ და ეს ხომ პარლამენტი არ არის. არ შეიძლება ორივე გზავნილი ერთდროულად გქონდეს. თავიდანვე ეს რადიკალური განაცხადი მაინც არ ჰქონოდათ, ესაა რაც იწვევს უსუსურობის განცდას.
თუ ისე მოქმედებ, თამაშის წესები რაც არის, განგაშის ზარებს არ უნდა რეკდე მეორე დღესვე და ყოველ ჯერზე არ უნდა აცხადებდე, რომ ყველა ზღვარი გადალახეს. ესაა, რაც აწყობს ივანიშვილის რეჟიმს, რომ წარმოაჩინოს ეს ნაწილი, როგორც მთელი ოპოზიცია და თქვას, რომ ასეთი ჯამბაზები არიან“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.