ბჭობაში ნუ შემოდიხართ! ბიუროს წევრები ერთმანეთს უპირისპირდებიან, თქვენ კი არ გაქვთ ამის უფლება! მაშინ, დაჯექით ბიუროს წევრად - ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან გიორგი მსხილაძეს, რომელმაც ბიუროს სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრება დააფიქსირა.
„კონკრეტულად გვითხარით თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. იმას, რაც ითქვა, ნუღარ გაიმეორებთ. თქვენ ბჭობაში ნუ შემოდიხართ! ბიუროს წევრები ერთმანეთს უპირისპირდებიან, თქვენ კი არ გაქვთ ამის უფლება! თქვენ თუ პოზიციას ასე აყალიბებთ, როგორც თქვენ ამბობთ, ეს ნიშნავს, რომ რაღაც პოზიციით შემოდიხართ, მაშინ დაჯექით ბიუროს წევრად! თქვით თქვენი პოზიცია, რას უპირებთ! გაწყვიტეთ [თქვენ მიერ დაწყებული] აზრი და პირდაპირ დასკვნა გვითხარით“, - მიმართა გია ვოლსკიმ გიორგი მსხილაძეს.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა უმრავლესობას მოუწოდა, კანონპროექტი ბიუროს სხდომაზე რეგისტრაციაში საერთოდ არ გაატარონ.
„ბიუროზე უკვე აღინიშნა, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში ჩვენ ვკითხულობთ, რომ აღნიშნული კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდა აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება მოახდინა, ამას მოჰყვა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურება.
ევროკავშირის წარმომადგენლებმა, ისევე როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა მოგვიწოდეს, რომ აღნიშნული კანონპროექტი არ იყოს საერთოდ დარეგისტრირებული და მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ. ამიტომ, მოგიწოდებთ აღნიშნული კანონპროექტი საერთოდ არ გაატაროთ რეგისტრაციაში ბიუროზე!“ - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.