კარგი იქნებოდა, დემარშით ევროკავშირის ქვეყნებმა მიმართონ სააკაშვილის გარემოცვას, რომ თავი დაანებონ სააკაშვილის ასეთ მდგომარეობაში ყოფნის სტრატეგიას - მძევლად აიყვანეს სააკაშვილი და მისი ჯანმრთელობით სპეკულირებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
"როგორი ფორმით წარმოუდგენია - ხელისუფლებამ, მთავრობამ, იუსტიციის მინისტრმა, რა ფორმით შეიძლება მიმართოს და რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს სასამართლოზე, როცა სასამართლო ფაქტობრივ ვითარებას იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს. ამასთან დაკავშირებით, ალბათ, კიდევ დამატებითი კონსულტაციებია საჭირო, ვინაიდან, პოზიცია, რომელიც გააჩნია სასამართლოს, ვფიქრობთ, რომ არის ობიექტური, სამართლიანი, სწორი.
კარგი იქნებოდა ამ დემარშით ევროკავშირის ქვეყნებმა, ნებისმიერმა ვინც ამ საკითხში ერკვევა, მიმართონ სააკაშვილის გარემოცვას, რომ თავი დაანებონ სააკაშვილის ასეთ მდგომარეობაში ყოფნის სტრატეგიას, მძევლად აიყვანეს სააკაშვილი და მისი ჯანმრთელობით სპეკულირებენ. ეს არის რეალობა და ამ რეალობას, ალბათ, სერიოზული განხილვა უნდა დაუპირისპიროს იგივე ევროკავშირმა, მისმა წარმომადგენლებმა, ევროპარლამენტარებმა და ვითარება რეალურად შეაფასონ", - განაცხადა ვოლსკიმ.
ვოლსკის თქმით, სააკაშვილის საკითხი არ შეიძლება ევროინტეგრაციის გზაზე "ხელისშემშლელი ფაქტორი" იყოს, რადგან უსამართლობაა. ვოლსკის მტკიცებით, პროცესს საფრთხე "ქართული ოცნებისგან" არ ემუქრება.
"ევროინტეგრაციის გზაზე არ შეიძლება ამას რაიმე ხელშემშლელი ფაქტორი ერქვას, რადგან უსამართლობაა, რომელსაც თავის ავტორები ჰყავს, შანტაჟის ავტორები და პოლიტიკური გუნდი, რომელიც უპირისპირდება ყველაფერს, რასაც ჰქვია ევროინტეგრაციის პროცესი. ეს არ არის "ქართული ოცნება", ჩვენგან არ მოდის საფრთხე ამასთან დაკავშირებით. სააკაშვილი არის დამნაშავე და იხდის დამსახურებულ სასჯელს. ის არის თვითდაზიანების რეჟიმში, ჩვენ ჯანდაცვის სისტემას აქვს სრული რესურსი, რომ მისი მდგომარეობა წესრიგში მოიყვანოს, თუკი ამას ის მოინდომებს. არსებობენ სხვა პატიმრებიც, რომლებიც ამ ყველაფერს უყურებენ.
ევროკავშირის დემარში, მე ტექსტს არ ვიცნობ, მაგრამ გარკვეული უმართლობის ელემენტებს მოიცავს, რაზეც საუბარი უნდა გაგრძელდეს", - დასძინა ვოლსკიმ.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, მან შვედეთის ელჩთან ერთად, საქართველოს იუსტიციის მინისტრს ევროკავშირის ოფიციალური დემარში გადასცა, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეხება.
"ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ მისი ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის შესახებ ცნობებით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ისაა, რომ ამ დემარშს ევროკავშირის წევრი 27-ვე სახელმწიფო ეთანხმება“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.