ეკლესიის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს, ხისტ დამოკიდებულებას, ფიზიკურ შეხებას, თავდასხმებს შეიძლება, ტერორიზმის გამოვლინება ვუწოდოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერი თავდასხმა სახელმწიფოს ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუციაზე, როგორიცაა ეკლესია, დამაზიანებელია ქვეყნისთვის და დესტაბილიზაციის გარკვეულ წინაპირობას ქმნის.
„ნებისმიერი ადამიანი, თუნდაც ათეისტი, რომელიც საღად მსჯელობს, კონკრეტულ განცხადებებსა და ქმედებებში აუცილებლად ამოიკითხავს ტერორიზმისთვის დამახასიათებელ ნიშნებს, გინდ სიტყვიერს, გინდ იდეოლოგიურს და გინდ ფიზიკურ ტერორიზმს, რაც ეკლესიის წინააღმდეგ ხორციელდება. ეს პოლიტიკური შინაარსის მატარებელია და პოლიტიკური ჯგუფების სტრატეგიას ემთხვევა. მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე არ არის საუბარი, ხვალ სხვა კონფესიებსაც გადაწვდებიან. ეკლესიის მიმართ მიმდინარეობს ჩვეულებრივი ტერორიზმი, რასაც სახელი აუცილებლად დაერქმევა. ეკლესიის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს, ხისტ დამოკიდებულებას, ფიზიკურ შეხებას, თავდასხმებს შეიძლება, ტერორიზმის გამოვლინება ვუწოდოთ. ნებისმიერი თავდასხმა სახელმწიფოს ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუციაზე, როგორიცაა ეკლესია, დამაზიანებელია ქვეყნისთვის და დესტაბილიზაციის გარკვეულ წინაპირობას ქმნის. როცა იცით ქვეყნის ისტორია, სხვა ქვეყნის მაგალითები და საზოგადოებაში დაპირისპირების კერების გაჩენის მეთოდოლოგია, ეს ყველაფერი საფრთხის შემცველია. ეს მხოლოდ მართლმადიდებლურ კონფესიას არ ეხება, ეხება ყველა ადამიანს, თუნდაც ათეისტს, ვისაც სახელმწიფოს მიმართ გარკვეული პასუხისმგებლობა აქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.