კონსტიტუციის დამრღვევად წოდებული ადამიანის ჩეხეთში მოგზაურობა საქართველოს პოლიტიკურ იმიჯს არ წაადგება და დამაზიანებელია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც სალომე ზურაბიშვილის ჩეხეთში ვიზიტს გამოეხმაურა და განმარტა, რომ მთავრობა საპირისპირო ფორმულით მოსიარულე ადამიანს ვერ მისცემს მანდატს, მთავრობისა და საზოგადოების პოზიცია წარმოადგინოს.
„სალომე ზურაბიშვილის მიერ შემოთავაზებული ფორმულა, რომ მთავრობა არ იმსახურებდა სტატუსს, ახლაც არ იმსახურებს და არც მომავალში დაიმსახურებს, თარგმანში სწორედ ის არის, რასაც ჰქვია – საქართველოს არ დაუჭიროთ მხარი, თუ მის სათავეში დღევანდელი ხელისუფლება იქნება. ჩეხეთის პრეზიდენტი თუ ამბობს, რომ მხარდაჭერაზე იყო საუბარი, ეს ჩეხეთის პრეზიდენტის სწორი დიპლომატიური, პოლიტიკური ხედვიდან გამომდინარეობს და არა სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულებიდან, რაც გაჟღერებული იყო 26 მაისის ღონისძიებაზე. სრულიად შემარცხვენელი, არაობიექტური, დამაზიანებელი და უზნეო იყო, როცა მან ახალგაზრდებს მიმართა, მისი განცხადებები ცნობილია. ვერავინ იტყვის, რომ პოზიცია შეიცვალა.
არასოდეს იფიქროთ, რომ ბორელი ისეთ განცხადებას გააკეთებს, რაც ქვეყნებთან არ არის შეთანხმებული, რადგან ის ევროკავშირს წარმოადგენს და მან თქვა, ვინ იმსახურებს სტატუსს, რატომ უნდა მიეცეს საქართველოს სტატუსი. მთავრობა ამის საპირისპირო ფორმულით მოსიარულე ადამიანს ვერ მისცემს მანდატს, რომ მთავრობისა და საზოგადოების პოზიცია წარმოადგინოს. კონსტიტუციის დამრღვევისთვის ეს მანდატი შეუსაბამო, არაადეკვატურია. კონსტიტუციის დამრღვევად წოდებული ადამიანის ჩეხეთში მოგზაურობა საქართველოს პოლიტიკურ იმიჯს არ წაადგება და დამაზიანებელია. ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ საქართველო სტატუსს იმსახურებს. სალომე ზურაბიშვილის ამოცანაა, საზოგადოებაში განცდა შექმნას, რომ კონსტიტუციის დარღვევას შედეგი არ მოჰყვება და საკონსტიტუციო სასამართლოს რეპუტაცია შეულახოს. მისი ამოცანა და დავალებაა, საზოგადოებას სტაბილურობის განცდა არ ჰქონდეს, სტაბილურობის, რომელიც მთავრობამ შექმნა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.