„თუ ქალბატონი პრეზიდენტი დაასახელებს კონკრეტულ ფაქტებს, კონკრეტულ ადამიანებს და არ იქნება შემოსაზღვრული ზოგადი განმარტებებით, ეს მისთვისაც, ქვეყნისთვისაც და საზოგადოებისთვისაც ძალიან კარგი იქნება“- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, იმის შესახებ, რომ „საქართველოში მოქალაქეები სამართალს ვერ პოულობენ და ინსტიტუტების დამოუკიდებლობასთან არსებობს პრობლემები“.

"ის, რომ ის მხილებული იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის უხეშ დარღვევაში, როგორც ჩანს, მოსვენებას არ აძლევს. ამიტომ, თავის თავს დააბრალოს ქალბატონმა ზურაბიშვილმა ის, რაც მას გადახდა საკონსტიტუციო სასამართლოში და თავის თავს დააბრალოს ის ვერდიქტი, რაც მას გამოუცხადა სასამართლომ. როგორც ჩანს, ამ წყენიდან ვერ გამოვიდა ქალბატონი ზურაბიშვილი და ახლა განაზოგადებს თავის შემთხვევას, რომელიც მხოლოდ მისი ბრალია. ის არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას. აქედან გამომდინარე, უფრო მეტი კონკრეტულობაა საჭირო. „ადამიანები ვერ პოულობენ სამართალს“- ეს რას ნიშნავს? კონკრეტულად ვინ ვერ პოულობს სამართალს? ამიტომ, როცა ამ ქვეყნის პრეზიდენტი ხარ მეტი პასუხისმგებლობა გმართებს და ვფიქრობ კონკრეტულობა აუცილებელია“, -განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.