ადრე თუ გვიან, „ნაცმოძრაობაში“ მელიასეული ტანჯვა დასრულდება, უნდათ, ეს ადამიანი პარტიის კარიდან გააგდონ და ყოველ ჯერზე ფანჯრიდან ძვრება, არ ტოვებს, ეტყობა, არ ემეტება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

გია ცაგარეიშვილის თქმით, საქმე ეხება არაორდინალურ შემთხვევას.

„არაორდინალურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე – ადამიანი, რომელიც დედა პარტიას აკრიტიკებს, ადამიანი, რომელიც, უნდათ, „ნაციონალური მოძრაობიდან“ კარიდან გააგდონ, ყოველ ჯერზე ფანჯრიდან ძვრება, მაინც არ ტოვებს დედა პარტიას, ეტყობა, არ ემეტება. რაც უფრო დრო გავა, ამ ორ ბანაკს შორის დაპირისპირება უფრო ნათელი გახდება. ადრე თუ გვიან, „ნაცმოძრაობაში“ მელიასეული ტანჯვა დასრულდება. საცირკო წარმოდგენის სახესაც იძენს, ესაა რაღაც პარტიული მასკარადი. მასხარას როლში ვინ გამოდის, ხაბეიშვილი თუ მელია, ეს მაყურებელმა განსაჯოს“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „არ და ვერ ვიქნები იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა“.