მინდა, მოვუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს, კირბალს და მთლიანად საქართველოს, ეს დიდი უბედურება და წარმოუდგენელი ტრაგედიაა მთელი საქართველოსთვის, განგრძობადი ოკუპაცია, მკვლელობები და გატაცებები უდიდესი გამოწვევაა ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ჩვენ გვიწევს ამ პირობებში ცხოვრება, არსებობა და განვითარება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
ცაგარეიშვილის განცხადებით, საფრთხეები შემცირებულია არ არის.
„ეს გავეშებული ოკუპანტი, რომელიც ახლა ყველას და ყველაფერს ანადგურებს უკრაინაში და ფაქტობრივად ყველა და ყველაფერი გაანადგურა მანამდე საქართველოში, რამდენჯერმე აფხაზეთში და ცხინვალში, ისევ გვიხოცავს და იტაცებს ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენ ფაქტობრივად ყოველდღე ბეწვის ხიდზე სიარული გვიწევს. ეს ყველას გამოწვევაა, არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ოზიციისაც, ყველა ადამიანის გამოწვევაა. სამწუხაროდ, ამას დასასრული არ უჩანს. როდესაც წინაპირობებზე და მიზეზებზე საუბრობენ, ხშირად ჩვენც გვამუნათებენ, რატომ იყურებით წარსულისკენ და რატომ საუბრობთ იქ რა მოხდაო. ის, რაც დღეს ხდება, ეს შემთხვევითი მოვლენა არ არის. სამწუხაროდ, ბევრს არ ახსოვს ყველაფერი როგორ დაიწყო, მათ შორის აქ პარლამენტში და სხდომათა დარბაზში. მე ვარ ერთადერთი დეპუტატი, რომელიც იმ მოწვევის პარლამენტშიც მუშაობდა და გახლდით ოპოზიციაში, მახსოვს ყველაფერი, ვინ რას აკეთებდა იმისთვის, რომ ფაქტობრივად ოკუპანტებისთვის და სეპარატისტებისთვის დაეკნინებინა ის უბედურება, რაც ახლა ცხინვალში ხდება. ეს არის ორი საარქივო დოკუმენტი და არქივები არ იწვის. ეს არის 2007 წლის 13 აპრილს მიღებული ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სათანადო პირობების შექმნის შესახებ კანონი, მესამე მოსმენის კენჭისყრის შედეგებია. შემდეგ, მეორე უბედურება მიაწია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სააკაშვილის ხელდასმით და მიიღო დადგენილება, დროებითი ადმინისტრაციული ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ. მაგალითად ლევან ბეჟაშვილს აქვს ხმა მიცემული, ძმებ ბერძენიშვილებს, გიგა ბოკერიას, ნინო ბურჯანაძეს, მიხეილ მაჭავარიანს, მაია ნადირაძეს და სხვებს აქვთ ხმა მიცემული, იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას ამტყუნებენ, ოღონდ საით უბიძგებენ საქართველოს ხელისუფლებას ამას ბოლომდე ვერ შიფრავენ და ვერ ამბობენ“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
გია ცაგარეიშვილის თქმით, უთავბოლო მოღალატეობრივმა გადაწყვეტილებამ დაადგინა სწორედ ის საზღვარი, რომელიც მათ შორის ახლა ლომისას ტაძარზე გადის.
„ეს „ქართულ ოცნებას“ არ გაუკეთებია, ეს უბედურება 2007 წელს მოხდა. დააკანონეს გამსახურდიას მიერ გაუქმებული ოლქის აღდგენა. გაატარეს ადმინისტრაციული საზღვრები ძველი ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებზე და შემდეგ ჩვენ ე.წ. სარკოზის დოკუმენტით მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ხელის გამოშვერა არის ყველაზე მარტივი. ლანძღვა, გინება და კლავიატურის გულმამაცობა ყველაზე მარტივია, სოციალურ ქსელში პასკვილების წერა და ბღაჯღვნა ყველაზე მარტივია. რომ არა ჩვენი სამღვდელოება, რომელსაც ახლა ნახევარი ოპოზიცია ლანძღავს და აგინებს, მიცვალებულებს ვერ გამოვიყვანდით, რომლებიც თაკარა მზეში ლპებოდნენ ცხინვალის მისადგომთან. შემდეგ დეზერტირებს, პირტიტველა ბიჭებს დასდევდნენ ვაშლის პლანტაციებში და ამ ბავშვებით ციხეები გადაავსეს, მეთაურები გაიქცნენ, გორში ფორთხავდნენ. მანამდე, ბატონმა სააკაშვილმა თავისი მხედართმთავრული ნიჭი თბილისში 7 ნოემბერს გამოავლინა“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.