მიზეზი არის რაღაც იმდენად სერიოზული, რომ ივანიშვილმა საკუთარი იმიჯი მთლიანად დაამსხვრია - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი ბაჩიაშვილს შორის „ქუჩური გარჩევა“ მიმდინარეობს და ამაში პროკურატურაც ჩართულია.

„საუბარი იმაზეა, რომ ბიძინა ივანიშვილი დგას მითოლოგიაზე, რომ ის არის წმინდა წყლის ქველმოქმედი, არანაირი ბიზნესინტერესები საქართველოში არ აქვს და ეს მითი, მუდმივად ამაზე ეწყობა მისი პორტრეტის ჩამოყალიბება ხელისუფლების მხრიდან. ამ დროს, რადგან მან გადადგა ნაბიჯი და, ფაქტობრივად, გვაჩვენა, რომ აქვს ბიზნესი, რომელიც წერს 800 პროცენტს წელიწადში და კრიპტოვალუტის მაინინგი საქართველოში ჩვეულებრივი ბიზნესი არ იყო, სერიოზული პრეფერენციები მიიღო ამ საქმიანობამ საქართველოში - ჩვენ ხარჯზე მოხდა, იაფი ელექტროენერგიიდან დაწყებული, საგადასახადო შეღავათები - ფაქტობრივად, ნულოვან ხარჯებიანი ბიზნესი იყო და დადგება დრო, როდესაც სერიოზულად იქნება ეს საკითხი შესწავლილი. ბიძინა ივანიშვილს იმდენად გაუჭირდა, რომ დაანგრია საკუთარი მითოლოგიაც კი, ანუ მიზეზი არის რაღაც იმდენად სერიოზული, რომ საკუთარი იმიჯი მთლიანად დაამსხვრია,“ - ამბობს ხუხაშვილი.