ევროპული იდეის დასაცავად პრეზიდენტი იქ იდგება, სადაც უნდა იდგეს და მე ვიქნები მის გვერდით, – ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.
„არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, უბრალოდ ადრეა ჯერ რაიმე პროგნოზი. პრეზიდენტი ჩვენ გვჭირდება სწორედ ამ როლში გაბედული, თამამი გადაწყვეტილების მიმღები და გარანტი იმისა, რომ არჩევნები ჩავატაროთ ნორმალურ და მშვიდ გარემოში. თუ სხვა მოცემულობა იქნება, რომელიც მოითხოვს სხვაგვარ გადაწყვეტილებას, მე ხშირად ვამბობდი, რომ არ გამიკვირდება არცერთი სხვა გადაწყვეტილება პრეზიდენტის მხრიდან, მე ვიქნები მის გვერდით. არ მგონია, რომ ეს პარტიის ფორმას გულისხმობდეს, მე უფრო ფართოდ ვუყურებ ამ პროცესს. ის იქნება ქვეყანასთან და მეც ვაპირებ, რომ ვიყო ჩემს ქვეყანასთან ერთად", - აღნიშნა ბესელიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა , სალომე ზურაბიშვილმა „რადიო თავისუფლების“ პრაღის ოფისის ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს შესაძლებლობას, რომ ევროპულ გზაზე საქართველოს წარმატებისთვის მან პარტიის შექმნა განიხილოს და არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ასე უპასუხა: „თუ ფსონზე დევს საქართველოს ევროპული მომავალი, მე განვიხილავდი ნებისმიერ რამეს“.