შვილებზე გალაშქრება არის ფაშიზმის ელემენტი. ეს არის ჩამოყალიბებული ფაშიზმი, რაც „ნაცმოძრაობისთვის“ არის დამახასიათებელი - თაობათა შორის დაპირისპირება გამოიყენონ ბრძოლის იარაღად, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
„გახსოვთ ალბათ, როგორ უწოდეს „ჩარეცხილები“ მშობლებისა და უფროსი თაობის წარმომადგენლებს, ახლა შვილებზე გამოაცხადეს ძებნა, რომ დაუპირისპირონ საკუთარ მშობლებს - პავლიკ მოროზოვები უნდა შვან“, - აღნიშნა ხუნდაძემ.
მისივე თქმით, „ნაცმოძრაობა“ ამაში ხედავს საკუთარ პერსპექტივას: არჩევნებით რომ არ შეუძლიათ ხელისუფლებაში მოსვლა, სწორედ ამიტომ ეძებენ დესტრუქციულ ხაზს.
„თანხვედრა შიგნითაც და გარეთაც ერთია. გარეთაც აწყობთ ქვეყანაში არეულობა და მათაც, რომ ხელისუფლებაში ამ გზით მოვიდნენ. ამიტომ ერთობლივი სცენარია შედგენილი, რომ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალოს. ამ შერევით, თითქოს ახალი ფიგურებით მათ სურთ, გადაფარონ „ნაცმოძრაობის“ მძიმე წარსული და თქვან, რომ ეს ერთობა არ არის „ნაცმოძრაობა“. სათითაოდ რომ ავიღოთ პარტიები და მათი ლიდერები, მათგან 80% არის ძველი „ნაცმოძრაობის“ სწორედ ის დანაშაულებრივი სახეები, ვინც ეს ძალიან მძიმე წარსული შექმნა. საზოგადოებას ეს დღემდე ახსოვს და ისინი ამით შედეგზე ვერ გავლენ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.