პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურ მდივანს დიმიტრი ხუნდაძეს სურს მოისმინოს საქართველოში საფრანგეთისა და ევროკავშირის ელჩების პოზიცია გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით. მისი თქმით, ევროკავშირისა და საფრანგეთის ელჩები, შარშან აპროტესტებდნენ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს, არადა მათთან უკვე ხდება ანალოგიური, თუმცა ბევრად უფრო მკაცრი კანონების მიღება.
„მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ქვედა პალატამ, დიდი უპირატესობით მხარი დაუჭირა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს, მაინტერესებს რას იტყვიან საქართველოში საფრანგეთის და ევროკავშირის ელჩები, რომლებიც ერთი წლის წინ ჩვენს კანონპროექტს აპროტესტებდნენ.
პროტესტის გამოხატვიდან ერთ თვეში EPP -ი, ყველაზე დიდი პარტია შევიდა ინიციატივით ევროპარლამენტში, რომ მიეღოთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი.
EPP -ი მაშინ ამბობდა: „არასამთავრობო ორგანიზაციები ყოველდღიურად ახორციელებენ გამორჩეულ სამუშაოს, როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ დონეზე. მიუხედავად ამისა, ისევე როგორც სხვა საჯარო საქმიანობაში, არსებობენ არაკეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს ფარად იყენებენ მოსყიდვის, არა გამჭვირვალე ლობირებისა და გარიგებაზე გავლენის მოხდენის მიზნით. საქმემ აჩვენა, რომ ჩვენ გვჭირდება კონტროლის გაძლიერება და ხარვეზების აღმოფხვრა. ჩვენ უნდა დავადგინოთ წესები, რომელიც გაართულებს არაგამჭვირვალე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ინსტიტუტების მოტყუებას და აღადგენს ხალხის ნდობას. საჭიროა შეიქმნას უცხოური აგენტების რეგისტრაციის კანონი“.
როცა ევროკავშირის ელჩი ჩვენს კანონს აპროტესტებდა, საფრანგეთში მიიღეს კანონი, რომელშიც არის ჩანაწერი: „უნდა შეიქმნას ერთიანი რეესტრი, სადაც აღრიცხული იქნება ყველა უცხოური დაფინანსება. ამ ფონდებმა, არასამთავრობოებმა და ასე შემდეგ ყოველი წლის ბოლოს უნდა წარადგინონ ანგარიში ეროვნულ ასამბლეაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში დაისჯებიან კანონით. ასევე ანგარიში უნდა წარადგინოს სპეციალურმა კომისიამ, თუ რა პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა მოუტანა უცხოურმა ფულმა ქვეყანას. საფრანგეთის სახელმწიფო იტოვებს უფლებას, რომ გაყინოს ყველა უცხოური ფონდიდან შემოსული თანხა, თუ მას აქვს ეჭვი ამ ფონდების ვერაგი გამოყენების შესახებ.“ ეს ყველაფერი წერია საფრანგეთში უკვე ინიციირებულ კანონპროექტში და საინტერესოა, ახლა რას იტყვიან ელჩები," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.