"ხალხის ძალის" გენერალური მდივანი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის ნაწილის მიერ წარმოებულ კამპანიას ეხმიანება.
დეპუტატი აცხადებს, რომ მათ მიერ შეგნებულად ვრცელდება ცრუ ინფორმაციები კანონპროექტთან დაკავშირებით, სინამდვილეში კი კანონი მხოლოდ ორგანიზაციებს შეეხება და არავითარ შემთხვევაში ფიზიკურ პირებს, მათ შორის შშმ პირებს არ შეეხება.
"ამ კანონპროექტთან დაკავშირებით დეზინფორმაციული კამპანია, რა თქმა უნდა, გაგრძელდება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ძალიან ბევრი მცდელობა იქნება, მაგრამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ არავითარი აკრძალვა და შეზღუდვა ამ კანონში არ არის. მდიდარ „ენჯეოებს“ ეშინიათ, რომ მათ მოუწევთ შავი ფულის დადეკლარირება, რომელსაც მოიხმარენ არა კარგი საქმისთვის, არამედ ქართულ პოლიტიკაში სხვადასხვა დამკვეთის ინტერესების გასატარებლად. ეს არავითარ შეხებაში არ არის საზოგადოების კონკრეტულ წარმომადგენლებთან, მით უმეტეს შშმ პირებს არ ეხებათ და ვერც შეეხება. საუბარია, რომ შავი ფულის დეკლარირებასა და მიზნობრიობის განსაზღვრაზე იყოს ცნობილი საზოგადოებისთვის, მათ შორის შშმ პირებისთვისაც." - განაცხადა ხუნდაძემ.
ცნობისთვის, მე-10 მოწვევის პარლამენტის, საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ , რასაც არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების ნაწილი არ ეთანხმება. სავარაუდოდ კანონპროექტზე მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოში შემდეგ კვირას დაიწყება.