დღეს პარლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.
კანონპროექტის მიზანია შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში ცხოველთა კეთილდღეობისათვის აუცილებელი და სათანადო ინსტიტუციების განსაზღვრა და შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შექმნა, რამაც უნდა უზრუნველყოს ადამიანისა და შინაური ბინადარი ცხოველის თანაარსებობა უსაფრთხო და საიმედო გარემოში.
კანონპროექტის მიღების შედეგად შეიქმნება შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის მარეგულირებელი სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც უზრუნველყოფს მათ მიკვლევას, დაარეგულირებს ცხოველთა სამართლებრივ სტატუსებს (პატრონიანი, უპატრონო, მიკედლებული), დაადგენს მათი მიტოვების აკრძალვას, ასევე, ცხოველთან ერთად გადაადგილების დასაშვებ სტანდარტებს, მეპატრონეთა და მიმკედლებელთა ვალდებულებებს შინაურ ბინადარ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ასევე მოწესრიგდება შინაურ ბინადარ ცხოველთა სასტიკი მოპყრობისაგან დაცვის, ევთანაზიის, გამრავლებისა და რეალიზაციის პირობები.