დღეს ჩვენ მოვისმინეთ გაბრაზებული სახელმწიფოს მეთაურის გამოსვლა. ორიოდე წლის წინ რომ გაბრაზებულიყავით, შეიძლება, უფრო წინ ვყოფილიყავით, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დღეს საქართველოს პრეზიდენტი მოხსნებით წარდგა.
„დღეს ჩვენ მოვისმინეთ არცთუ ჩვეულებრივი გამოსვლა პრეზიდენტის. ამ ტრიბუნას ბევრჯერ უნახავს სხვადასხვა ტიპის გამოსვლები, დღეს ჩვენ მოვისმინეთ გაბრაზებული სახელმწიფოს მეთაურის გამოსვლა. ორიოდე წლის წინ რომ გაბრაზებულიყავით, შეიძლება, უფრო წინ ვყოფილიყავით, ქალბატონო სალომე, მაგრამ არა უშავს, ჯერ კიდევ არის საკმარისი დრო. გაბრაზებული რითი? – არა ვინმეთი, არამედ რამეთი, გაბრაზებული იმით, რომ საქართველო, რომელსაც უნიკალური შანსი მიეცა, რომ მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამყარებისთვის გადადგას უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, ამ ვითარებას შეხვდა იმ გაუგებრობაში, რომელიც ქალბატონმა, პრეზიდენტმა აღწერა. ასეთ დროს შეუძლებელია, არ იყო ისევე გაბრაზებული, როგორც ის ათიათასობით ახალგაზრდა, რომელიც ყოველგვარი პოლიტიკური პრეფერენციების გარეშე და პარტიული კუთვნილების გარეშე გამოვიდა და თავისი ხმა გაგვაგონა, გაგვაგონა, რათა იქნებ, გამოვფხიზლდეთ ყველანი ერთად და სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად ვიმოქმედოთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისი თქმით, დღეს საქართველოს მიეცა შესაძლებლობა, მეორე სერიოზული ფუნდამენტი შეუქმნას ქვეყნის კეთილდღეობას, მომავალი თაობების კეთილდღეობას, მშვიდობას.
„ესაა ევროკავშირის წევრობა და ამის შემდეგ ჰორიზონტზე მესამე ფუნდამენტიც გამოჩნდება, ნატო-ში გაერთიანება და ამ სამ ფუნდამენტზე დაყრდნობით ვხედავთ ჩვენ უახლოეს თავლსაწიერში, საუკუნის ბოლომდე იმას, რამაც საქართველოს უნდა შეუნარჩუნოს თავისუფლება, ქართველ ერს უნდა შეუნარჩუნოს ეროვნული თვითმყოფადობა და ხალხს უნდა მოუტანოს სოციალური კეთილდღეობა, ამ უზენაესი მიზნებისა და შესაძლებლობების გაჩენის პირობებში ჩვენ ვართ იმ დღეში, რომელშიც ვართ და მოხერხდა საქართველოს პრეზიდენტის ამ დონეზე გაბრაზებაც, პრეზიდენტის, რომელიც არ ყოფილა დამოუკიდებელი კანდიდატი წინა არჩევნებში, ეს ძალიან კარგად ვიცით, ქალბატონო სალომე. ყველფერში ვერ დაგეთანხმებით, ამაზე მეტად დამოკიდებული „ქართულ ოცნებაზე“ პრეზიდენტობის კანდიდატი და პრემიერი არ მახსოვს მე, მაგრამ ასე დამოკიდებული ადამიანიც კი რომ ამ ზომამდე მიიყვანეთ, პატივცემულებო, იქნებ, კარგად დაფიქრდეთ, რაშია საქმე“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს წლების განმავლობაში არ გამოუხატავს ასეთი აღშფოთება და გაბრაზება ძალიან ბევრ რამეზე.
„მაგრამ ახლა შეუძლებელია, არა მარტო ქვეყნის პრეზიდენტმა, არამედ საქართველოზე, საკუთარ ოჯახზე, საკუთარ მომავალზე ნამდვილად ჩაფიქრებულმა ადამიანმა, ვერ დაინახოს ის, რაც ხდება „ქართული ოცნების“ ლიდერების გამოისობით ამ ქვეყანაში და საით მიექანება ეს ქვეყანა. ამიტომ, ახლა უკვე ინდივიდუალური არჩევნების დროა, პრეზიდენტმა პიროვნული და ინდივიდუალური არჩევანიც გააკეთა დღეს აქ ასეთი გამოსვლით და
„ლელო“ მიესალმება ასეთ პოზიციას დღეს და ახლა. იყო ეს პოლიტიკურად ნეიტრალური პრეზიდენტის გამოსვლა? არა, მაგრამ იცით რატო? იმიტომ, რომ საკითხი პოლიტიკას არ ეხება, საკითხი ეროვნულ ინტერესებს ეხება. ეს წიგნი, კონსტიტუცია რომ ჰქვია, მართლა სახელმწიფოს, დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფოს კონსტიტუცია იქნება, თუ ისეთივე ფარატინა ქაღალდი, როგორი კონსტიტუციაც ჰქონდა საბჭოთა საქართველოს. ამიტომ, ეს არ არის პოლიტიკური პოზიცია, ეს არის სახელმწიფოებრივი პოზიცია და ყველას მივმართავ, მოქალაქეებს, პოლიტიკოსებს, ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენლებს, დავანებოთ თავი ყოველგვარ სტატუსს, სკამს, რეგალიებს და როგორც მოქალაქეები დავფიქრდეთ, სად უნდა ვიყოთ დღეს და ახლა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის, მომავლისთვის სწორი ნაბიჯები გადავდგათ. ამიტომ, მე აღარ ველაპარაკები ხელისუფლებას, მე ველაპარაკები კონკრეტულ ინდივიდებს, ყველას აქვს ინდივიდუალური არჩევანი, გავაკეთოთ ყველამ ეს არჩევანი. ქალბატონო პრეზიდენტო, „ლელო“, თანახმაა, დღე და ღამე იშრომოს თქვენთან ერთად, სხვა სამოქალაქო და პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებთან ერთად, რათა საქართველო ევროპის წინაშე წარდგეს უფრო სოლიდური, უფრო მომზადებული, უფრო ევროპული, ვიდრე იმ 12 პუნქტის დიახაც ფორმალურად შემსრულებელთა განზრახვაა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.