კოზირი თუ ჯოკერი, რომელიც „ქართული ოცნებისთვის“ გაუჭრელი იყო, რომ „მიშა მოდის“ (ახლა კი ვანო მოევლინათ მშველელად), გაიჭრა - ირაკლი აღარ იქნება პრემიერი და ამასთან შეგუება მოუწევს, თუმცა არც ვანო მერაბიშვილი იქნება, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს უსმენენ.
მისი თქმით, საქართველოში სამი მიმართულება - „ივანიშვილის ოცნება, სააკაშვილის ნოსტალგია და პუტინის გეგმები, რომლებიც სხვადასხვა კომბინაციით ერთმანეთს აძლიერებენ და საქართველოს არასწორი მიმართულებით უბიძგებენ, მომავალ არჩევნებში უნდა დამარცხდეს“.
„ბატონი პრემიერ-მინისტრი მინდა დავამშვიდო, საქართველოში რეჟიმის ცვლილება არ იქნება რაიმე დემონსტრაციის ფონზე, მაგრამ ამავდროულად, მინდა ცოტათი ავაღელვო, რომ რეჟიმის ცვლილება აუცილებლად იქნება, ოღონდ ეს იქნება არჩევნების შემდეგ, 2024 წელს. ასე იქნება - ირაკლი აღარ იქნება პრემიერი და მას ამასთან შეგუება მოუწევს, არაუშავს. არც ვანო მერაბიშვილი არ იქნება არასდროს პრემიერი და მასაც მოუწევს ამასთან შეგუება. „ლელოს“ და ქართული ოპოზიციის უდიდესი ნაწილის პოლიტიკური პოზიცია ესაა და დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილის ხედვაც ესაა, რომ ძალიან მალე, არჩევნებით უნდა დასრულდეს ის ორი ეპოქა, როდესაც ჯერ ერთმა, შემდეგ მეორემ, შემდეგ კი ერთმანეთთან კინკლაობაში ქვეყანას უდიდესი ზიანი და ზარალი მოუტანეს. ამისი ნათელი დადასტურებაა დღევანდელი დღეც - ნაცვლად იმისა, რომ ეროვნული ინტერესების თემაზე და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე გვესაუბრა, ანუ იმ თემებზე, სადაც ქვეყანა უნდა იყოს ერთიანი, მოხდა ის, რაც აქ ხდებოდა. პრემიერ-მინისტრმა მარჯვედ გამოიყენა მისთვის მიცემული დრო და ილაპარაკა ისევ იმაზე, რაზეც სულ ვლაპარაკობთ, რომ არის რაღაც საშინელი ძალა, რომელიც ხან აქედან, ხან იქიდან ამას და იმას შვება. ეს დასრულდება. რეჟიმი შეიცვლება, უკეთესი რეჟიმით. კოზირი თუ ჯოკერი, რომელიც „ქართული ოცნებისთვის“ გაუჭრელი იყო, რომ „მიშა მოდის“, ახლა კი ვანო მოევლინათ მშველელად, გაიჭრა. ამის დემონსტრირება ბევრ რამეშია, მათ შორის მარტის მოვლენებში“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.