"პალატები როცა გაივსო დამტვრეული ადამიანებით, შემდეგ იატაკზე ყრიდნენ ამ დამტვრეულ ადამიანებს, სისხლში იყო ყველაფერი მოსვრილი. მაშინ ჩვენ ვთხოვეთ ადმინისტრაციას, პირადად მე ვიყავი შესული, იქნებ საფენები, ადიელა, რათაც გამოიტანოთ-მეთქი, იატაკზე დააფინოთ და აქ მაინც დააწვინოთ ეს ადამიანები-მეთქი. კატასტროფული მდგომარეობა იყო", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ყოფილმა დეპუტატმა დავით ლორთქიფანიძემ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც მან 2009 წლის 26 მაისის ღამის მოვლენები დეტალურად გაიხსენა.
იმ ღამეს ბევრი ცნობილი ადამიანი იყო, ვხედავდით აქციის დროს – ქალბატონი ნონა, გოგი ქავთრაძე, დიმა ჯაიანი, სოსო ჯაჭვლიანი, ლუკა კურტანიძე, თამაზ მეჭიაური და ბევრი. დარბევა როდესაც დაიწყო, ვისაც წამოედებოდნენ, წაელეწებოდნენ, იჭერდნენ, ხელებზე უკეთებდნენ პლასტმასის მარყუჟებს. ლუკა კურტანიძეს რამდენიმე გაუკეთეს, ეტყობა, იფიქრეს, ერთს გაწყვეტსო. შემდეგ ყველა ეს ხალხი შერეკეს რუსთაველის კინოთეატრში და იქ აგრძელებდნენ ამ ადამიანებზე ფიზიკურ ზემოქმედებას. დამტვრეულ, დასახიჩრებულ ადამიანებს, პირდაპირი მნიშვნელობით, ეზიდებოდნენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რადგან სიცოცხლის ნიშანწყალიც აღარ ჰქონდათ დარჩენილი. ჩვენ, ვინც მოვახერხეთ და აქედან გავედით, იქ ვიყავით და დილის საათებში უკვე იქ მოჰყავდათ სასწრაფო მანქანები, ამისი კადრები არსებობს. პალატები როცა გაივსო დამტვრეული ადამიანებით, შემდეგ იატაკზე ყრიდნენ ამ დამტვრეულ ადამიანებს, სისხლში იყო ყველაფერი მოსვრილი. მაშინ ჩვენ ვთხოვეთ ადმინისტრაციას, პირადად მე ვიყავი შესული, იქნებ საფენები, ადიელა, რათაც გამოიტანოთ-მეთქი, იატაკზე დააფინოთ და აქ მაინც დააწვინოთ ეს ადამიანები-მეთქი. კატასტროფული მდგომარეობა იყო. მახსოვს, დილით, გამთენიისას, ოთხი-ხუთი სააათი იქნებოდა, მოვიდა ირაკლი ბათიაშვილის მეუღლე, რომელიც იყო ძალიან აღელვებული და ხმამაღალი ხმით ეკითხებოდა სპეცრაზმელებს, ირაკლი სად არისო. ირაკლი და არაერთი ადამიანი იმ ღამეს ზოგი მოიპარეს, ზოგი წაიყვანეს სადღაც ქალაქგარეთ, სასაფლაოებზე დაყარეს, დატოვეს. ამ ქალბატონთან ძალიან უხეში საუბარი ჰქონდათ სპეცრაზმელებს. რა თქმა უნდა, ჩავერიე და ვუთხარი, ქართველები არა ხართ, ქალბატონია, როგორ ელაპარაკებით-მეთქი. თან ვუთხარი, ირაკლის მეუღლეა-მეთქი, ვიფიქრე, გენერალი კაცია, გაჭრის რაღაც ამათთან-მეთქი. ისეთი აგრესია იყო მათგან, კარგად მითავაზეს ხელკეტი, ეგრეთ წოდებული დუბინკა, მაგრამ გადავრჩი სერიოზულ დაზიანებას“, – განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.