„ყველას კარგად გვახსოვს რომ ცალ-ცალი „კალოშით“ მოვიდა ბატონი კეზერაშვილი და ახლა „მისტერ ოფშორი“ გახდა. ასეთი სწრაფი კარიერული ზრდა შესაშურია. ჯუანშერ ბურჭულაძე მისგან განსხვავებით, რითაც მოვიდა, იმით წავა. ამის გარანტია საზოგადოებას შემიძლია ნამდვილად მივცე“, - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს მოუსმინეს.
ბექა ოდიშარიამ თავის გამოსვლაში თავდაცვის მიმართულებით წინა და ახლანდელი მთავრობის მუშაობა შეადარა ერთმანეთს და აღნიშნა, რომ ჯარის მიმართ დამოკიდებულება საგრძნობლად გაუმჯობესებულია.
მისივე თქმით, ქართული ჯარი ნატო-ს სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.
„თუ გაგიგიათ ერთი საჩივარი ნატო-ს მაღალჩინოსნებისგან ქართული ჯარის მიმართ? ან კორუფციაში თუ გაგიგიათ დაედოთ ბრალი? ნატო-ს მაღალჩინოსნებისგან მხოლოდ კომპლიმენტები ისმის“, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.
მან ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების სოციალური დახმარების პროგრამაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ვეტერანებს სხვადასხვა მიმართულებით სოციალური ბენეფიტები აქვთ.
ბექა ოდიშარიამ მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა თავდაცვის მინისტრს და სამინისტროს და აღნიშნა, რომ ხელისუფლების პოლიტიკა ჯარის მიმართულებით არის სწორი.