საქართველოს ხელისუფლებას სახელმძღვანელოდ უჭირავს უნიკალური წიგნი, რომელიც საქართველოს ინტერესების გატარებას გულისხმობს. ძნელია, ვიქტორ ორბანის მხარდაჭერა არ დააფასო, რადგან ის არის ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნის ლიდერი, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ოპოზიციამ რაც არ უნდა იყიყინოს, რომ ორბანი არის რუსეთთან თანხვედრაში, პრობლემები აქვს შინ და გარეთ, რამდენჯერ გაიმარჯვა ორბანმა და გახდა საკუთარი ქვეყნის ლიდერი? – უნგრეთი შუაგულ ევროპაშია, არის ძირძველი ქვეყანა, ძირძველი ისტორიის მქონე. იცით, რა გარემოცვაშია. უნგრელი ხალხი გააზრებულ არჩევანს აკეთებს და ქვეყნის შიგნით არანაირი პრობლემა არ აქვს. გარეთ შეიძლება, ისეთივე პრობლემა ჰქონდეს, როგორიც ჩვენ გვაქვს. არის ლიბერალური დაჯგუფებები, რომლებიც ამ ნარატივებს ავითარებენ, რადგან მათ სურთ, რომ ყველა მათ დაკრულზე ცეკვავდეს, რაც ასე არ გამოვა. ისტორიული ქვეყნები, თავისი ტრადიციებითა და ქრისტიანობით მოამაყენი, ვერავის დაკრულზე იცეკვებენ, როგორი ავტორიტეტებიც არ უნდა იყვნენ ეს ადამიანები ევროკავშირში“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.