საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბაია კვიციანის განცხადებით, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონპროექტი ევროპული სტანდარტების მიხედვით შემუშავდა.
„ორი წლის წინ, ავტორ-შემსრულებლებმა პარლამენტს მომართეს თხოვნით, რომ პარლამენტს მიეღო შესაბამისი ზომები იმისათვის, რომ მოქმედი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის მხრიდან მათ მიმართ განხორციელებული უსამართლო მოპყრობა დასრულებულიყო. მოთხოვნის შესაბამისად, კულტურის კომიტეტმა შექმნა სამუშაო ჯგუფი და „საქპატენტთან“ ერთად შეიმუშავა საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი. კულტურის კომიტეტზე კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას ნაყოფიერი დისკუსია გაიმართა და ვთვლი, რომ კომიტეტის გუშინდელი სხდომა ნათელი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ოპოზიციამ და უმრავლესობამ გვერდზე გადადოს პოლიტიკური მიკერძოებები და ქვეყნისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი საკითხის ირგვლივ, საქმიანად გაერთიანდეს. ჩვენ არ ვართ მსგავსი პრაქტიკით განებივრებული, ამიტომ ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს, რომელმაც განხილვაში მიიღო მონაწილეობა, მინდა მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა ბაია კვიციანმა.
მისივე თქმით, კანონპროექტის შესახებ გამოთქმული არაერთგვაროვანი მოსაზრებების მიუხედავად, ფაქტია, რომ კანონპროექტი დაახლოებულია ევროდირექტივასთან და საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების შესაბამისად, ევროპული სტანდარტების მიხედვით მომზადდა.
ბაია კვიციანის შეფასებით, კანონპროექტი ინტელექტუალური საკუთრების, საავტორო და მომიჯნავე უფლებების გამართულ და სამართლიან დაცვას უზრუნველყოფს, რომელიც ქვეყანაში შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებას შეუწყობს ხელს.