სამარცხვინო ქმედებაა, რომელიც ბადრი ჯაფარიძემ და მთლიანად პარტია „ლელომ“ განახორციელა, ვითომ, კონკრეტული ენჯეო გავიდა კონკრეტული პროექტიდან ონის მუნიციპალიტეტში და აღარ დაუჭერს მხარს ბავშვებისთვის სტომატოლოგიური მომსახურების გაწევას, ამაზე მეტი სიმდაბლე რა შეიძლება იყოს, არ ვიცი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
"ფეა თრიიზის" შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ პრემიერმა აღნიშნა, რომ ის არის „ლელოსთან“ დაკავშირებული ფონდი, რომელიც კონკრეტული ბიზნესინტერესების დაცვასთანაც არის დაკავშირებული.
„რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონს ზოგადად, ვიღაცები ამბობდნენ, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ გავიღვიძებდით რუსეთში, თუმცა ჩვენ გავიღვიძეთ საქართველოში და იმ საქართველოში, რომელიც ვითარდება და დღევანდელი პროექტიც არის ამის კიდევ ერთი დადასტურება.
რაც შეეხება იმ სამარცხვინო ქმედებას, რომელიც კონკრეტულად ბადრი ჯაფარიძემ და მთლიანად პარტია „ლელომ“ განახორციელა, რომ ვითომ, კონკრეტული ენჯეო გავიდა კონკრეტული პროექტიდან ონის მუნიციპალიტეტში და აღარ დაუჭერს მხარს ბავშვებისთვის სტომატოლოგიური მომსახურების გაწევას, ამაზე მეტი სიმდაბლე რა შეიძლება, იყოს, არ ვიცი. სინამდვილეში, ეს არ არის არავითარი დამოუკიდებელი ენჯეო. ბორდის თავმჯდომარე ყველამ გაიგო, რომ არის ბადრი ჯაფარიძე, შესაბამისად, ეს არის „ლელოსთან“ დაკავშირებული ენჯეო, რომელიც კონკრეტული ბიზნესინტერესების დაცვასთანაც არის დაკავშირებული, რაც ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში ხორციელდება, ეს არის უბრალოდ სამარცხვინო საქციელი, ვითომ ენჯეომ შეუწყვიტა ბავშვებს სტომატოლოგიური მომსახურების გაწევა, სინამდვილეში, ეს იყო უბრალოდ ტყუილი და ეს იყო „ლელოს“ სამარცხვინო სპეკულაცია. ეს ყველაფერი აჩვენებს, ამ პოლიტიკური პარტიების რადიკალური ოპოზიციური პარტიების სახეს“, - განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, ონის მერიამ დღეს გაავრცელა განცხადება: “გვსურს, გამოვეხმაუროთ ფონდი „ფეა თრიიზის“ განცხადებას, ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნის პროექტის შეჩერების შესახებ.
გარდა იმისა, რომ განცხადება აბსოლუტურად სპეკულაციურია, არასწორ ინფორმაციას შეიცავს. კერძოდ, ფონდის იდეა მოიცავდა ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 2-დან 18 წლამდე ბავშვებისა და მოზარდებისთვის მხოლოდ და მხოლოდ სტომატოლოგიური მომსახურების გაწევას, რისთვის საჭირო სივრცის კეთილმოწყობა და შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა ონის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო. შესაბამისად, კლინიკის გახსნის პროექტის შეჩერებაზე ფონდის მხრიდან საუბარი ტყუილი და იაფფასიანი სპეკულაციაა. ის ფაქტი კი, რომ ფონდმა გამოგონილი საბაბით უარი თქვა ერთადერთი ვალდებულების შესრულებაზე, რომლის ინიციატორიც თავად იყო და რომელიც მხოლოდ პროფესიული მომსახურების გაწევას გულისხმობდა, სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება. სამწუხაროა, როდესაც ცალკეული სუბიექტები, პოლიტიკური ამბიციების გამო, საზოგადოებისთვის სასარგებლო პროექტების მიზანმიმართული ხელშეშლითა და საბოტაჟით ცდილობენ, ხელოვნურად გამოიწვიონ მოქალაქეების უკმაყოფილება და პოლიტიკური ქულები დაიწერონ. გადაწყვეტილება დაუკავშირონ პარლამენტის მიერ კანონის მიღებას უკიდურესად სპეკულაციურია, რადგან მსგავსი პროგრამების დაფინანსება და მათი გაასაჯაროვება მხოლოდ წაახალისებს საზოგადოების საჭიროებებზე მორგებულ პროექტებს.
სახელმწიფო ყოველთვის ორიენტირებულია მოქალაქეების საჭიროებებზე. შესაბამისად, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული პროექტის შეფერხების საფრთხე არ არსებობს და ის სრულად ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსდება.” - აღნიშნულია ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.