ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.
„რა იქნება ხვალ ჩვენს შემთხვევაში, ამას მოვლენები გვაჩვენებს. მე მიხარია თუნდაც ის, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტთან კომუნიკაცია და კომუნიკაციის ხარისხი შეცვლილია, სულ მცირე, გვეცოდინება, რომ მასთან შედის ის ინფორმაცია, რომელიც არის რეალობა და საბოლოოდ მასზე იქნება დამოკიდებული ძალიან ბევრი რამ. არავითარი ინტერესი არ მაქვს ახლა გია ბარამიძესთან ან ლევან ხაბეიშვილთან რაღაც კონფორტაციაში შევიდე. წასვლაზე რიტორიკა პირველივე დღიდან მესმის, როდესაც თავმჯდომარის არჩევნები მიდიოდა. ისიც კარგად მესმის, რომ ბევრი ადამიანი ამით კომფორტში იქნება, მაგრამ ეს საერთო საქმეს და, უპირველესად, პარტიას რომ აზიანებს, ამას არ უყურებენ.
მათთვის პირადი, პოლიტიკური ამბიციები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საერთო საქმე და პარტიის ინტერესი. პარტიის წევრი შეიძლება, ნებისმიერი იყოს, მით უმეტეს, დიდი ამაგი აქვთ მერაბიშვილსაც და კეზერაშვილსაც. ამაზე არაა საუბარი, მაგრამ როდესაც არაფორმალურად ხარ, კეთილი ინებე და წინა ხაზზე დადექი. მერე უკვე გამოჩნდება, ვინ მიჰყვება იმ ბრძოლებში და რა რეაქცია ექნება საზოგადოებას. მერე პარტია დაფიქრდება, ღირს თუ არა ამ ადამიანების ყოფნა პარტიაში. დღეს ასე არ არის, მაქსიმალურად არიან ამოფარებული ახალ მენეჯმენტს. ხაბეიშვილი გვიმტკიცებს, რომ არც ვანოს და არც კეზერაშვილს აზრს არ ვეკითხებით, თურმე რაღაც მოხალისეები არიან, ერთი ფულს ხარჯავს, მეორე – ადამიანურ რესურსს ამ ყველაფერში. მე იმის კომპლექსი არ მაქვს, თუ არაფერი შეიცვალა, ვთქვა, ვიფიქრებ, როგორ უნდა გავაგრძელო პოლიტიკური ცხოვრება, აუცილებლად ვიპოვი ჩემს გზას მეგობრებთან ერთად, მაგრამ მინდა, ბოლომდე დავიხარჯო, რომ არ დაზიანდეს პარტია და სწორ რელსებზე დადგეს“, – განაცხადა დოლიძემ.