თუკი ვინმეს პარტიისთვის ზიანის მიყენება აწყობს, პირველ რიგში, ეს მერაბიშვილია - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„არავითარ შემთხვევაში არ იქნება. ვიღაცას შეიძლება ეგონოს, რომ ამდენი ადამიანის გასვლით პარტიას არაფერი მოუვა, მაგრამ მათი მოტივაციაა, თვითონ იგრძნონ თავი კომფორტულად. დარწმუნებული ვარ, ერთმა ადამიანმაც რომ დატოვოს პარტია, ეს არის პარტიისთვის ზიანი. თუკი, ვინმეს ამ პარტიისთვის ზიანის მიყენება აწყობს, პირველ რიგში, ეს არის მერაბიშვილი. სამწუხაროდ, ჩვენ ის კონფიგურაცია გვაქვს ახალ მენეჯმენტთან მიმართებაში, რომელიც ყველაზე მეტად მმართველ გუნდს აწყობს. საკუთარ პარტიაში ვერ შექმნეს ერთობა, არათუ გარეთ. წარმოუდგენელია, ერთმა პარტიამ შეძლოს ამ რეჟიმის დამარცხება, როცა ამ რეჟიმს ებრძვი, უნდა ებრძოლო ერთიანობით, კონკრეტული იდეით და უნარი გქონდეს, განსხვავებული აზრის მქონე ხალხი შემოიკრიბო, სამწუხაროდ, ეს უნარი ახალ მენეჯმენტს არ გააჩნია, მათთვის მთავარია, თვითონ იყვნენ კომფორტის ზონაში, შესაბამისად, არ ერიდებიან ამის ხარჯზე პარტიისთვის დიდი ზიანის მიყენებას“, - განაცხადა დოლიძემ.