„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ბაჩო დოლიძის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში 37 000-ზე მეტმა ადამიანმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი და აქტივობა საკმაოდ მაღალია. ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ ტექნიკური ხარვეზები აღმოიფხვრება.
„ორი დღის განმავლობაში მესმის ძალიან ბევრი ციფრი, მანიპულირება, ძახილი, რომ 70-80 პროცენტს ავიღებთ, ცოტა არ იყოს, მეღიმება ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რადგან ისევ თვითონ ჩავარდებიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში. დარწმუნებული ვარ, აქტივობა იმიტომ არის მაღალი, რომ ჩვენივე ამომრჩეველმა დაინახა, რა კონფიგურაციის შემთხვევაშია შესაძლებელი ჩვენი პარტიის ზრდა და ამ ქვეყანაში ცვლილებების გაკეთება. ნამდვილად არ მსურს მანიპულირება არც ამომრჩევლის რაოდენობით და არც იმით, რა შედეგები დაფიქსირდება. მაქვს მოლოდინი, რომ ნიკა მელია შეძლებს პირველივე ტურში გამარჯვებას, მაგრამ ჩვენ დღეს რომ ვიძახოთ, 70-80 პროცენტი გვაქვს, აბსოლუტურად ირონიული, არასერიოზულია ეს ყველაფერი. უნიკალური ნიჭით დაჯილდოებული უნდა იყო, რომ დღეს შეძლო ამ სისტემაში იმის დანახვა, რასაც ვერავინ ხედავს“, – აღნიშნა ბაჩო დოლიძემ.