იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე მედიასთან აცხადებს, რომ გიორგი ბაჩიაშვილი თავის დასაცავად ყველანაირ სპეკულაციებს მიმართავს და ეს გასაკვირი არ უნდა იყოს.
„ოპოზიცია პატრონების დავალებით იცავს ერთ-ერთ მათ მართულ ადამიანს, აგენტს გიორგი ბაჩიაშვილის სახით. საზოგადოებას შევახსენებ, რომ გიორგი ბაჩიაშვილი არის მსჯავრდებული მძიმე დანაშაულში, მათ შორის დავიცვათ პრეზუმფცია და სხვა დანაშაულებში ბრალდებული არის. ახლა თავის დასაცავად ყველანაირ სპეკულაციას მიმართავს და ეს გასაკვირი არ უნდა იყოს“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 11 ივლისს პენიტენციური დაწესებულების საკანში დაფიქსირდა მსჯავრდებულთა შორის ინციდენტი, რის შედეგადაც ორმა მსჯავრდებულმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება.
პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მსჯავრდებულ გ.ბ.-ს პენიტენციურ დაწესებულებაში მყისიერად გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და იგი გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“.