პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, გიორგი გახარიამ გამოძიების ფარგლებში პასუხი უნდა გასცეს, 20 ივნისის მოვლენებზე რაზე აიღო პასუხისმგებლობა.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობა მიმდინარეობდა, თუმცა ასევე დადასტურდა, რომ რიგი სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება იყო, რაც დამატებით გამოძიებას საჭიროებს.

არჩილ გორდულაძის თქმით, 20 ივნისის მოვლენებზე შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები სწორედ ამიტომ მიმდინარეობს.

„რა ვიცით და რა ვნახეთ 20 ივნისს? ერთ მხარეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ იდგა, რომელიც ძალადობდა, მეორე მხარეს კი, გარედან მართული გახარია იყო, რომელიც ამბობს, რომ სრულად იღებს ყველაფერზე პასუხისმგებლობას. გამოძიების ფარგლებში უნდა გასცეს პასუხი, რაზე აიღო პასუხისმგებლობა“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.